სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2023 წლის მდგომარეობით მერიის ბალანსზე არსებული აქტივები და მოთხოვნები არის შეფასებული.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თბილისის მერიას გააჩნია 14 მილიონი ლარის მოთხოვნა, რაც 2011 წელს გაცემულ ვადაგადაცილებულ სესხს უკავშირდება. კრედიტი ყოფილი "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელ მშენებლობასთან არის დაკავშირებული.
"მერიას ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების“ ნაშთში ასახულია მოთხოვნა 14,089,224 ლარი, რომელიც წარმოადგენს 2013 წელს გაცემულ სესხს და მასზე დარიცხულ პროცენტს. 2011 წელს განვითარების ფონდმა 2013 წლის 1 მაისამდე გასცა სესხი 11.0 მილიონი ლარის ოდენობით შპს "თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციებზე“, 2012 წელს ორგანიზაციას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს "ოქტაგონ კაპიტალი". სესხის მიმღებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ნასესხები თანხა არ დააბრუნა. 2016 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით სესხის მიმღებს დაეკისრა სესხის და პირგასამტეხლოს გადახდა.
2016 წელს განვითარების ფონდმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 13 მოთხოვნის უფლება უსასყიდლოდ დაუთმო თბილისის მერიას. აღნიშნული პერიოდიდან დებიტორული დავალიანება ასახულია მერიის ბალანსზე. საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა, 2014 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით დებიტორს დაევალა სესხის გადახდა, გამოცემულია სააღსრულებო ფურცელი. დავალიანება არ არის გადახდილი. მერიის მიერ არ არის შეფასებული ნაშთების რეალურობა და დებიტორის გადახდისუნარიანობა. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება აღნიშნული მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების ნაშთის არსებობაზე,"- წერია აუდიტის ანგარიშში.