თბილისის საკრებულოში, კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდნენ.  სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. ცვლილებების თანახმად, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 17 169,5 ათასი ლარით იზრდება  და მისი მოცულობა  2 210 558,2 ათას ლარს შეადგენს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაა.

როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, ცვლილებები დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში 2026 წლის 1 იანვრისათვის  თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება. კერძოდ: იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

წარმოდგენილ პროექტში ასევე, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და რაიონის გამგეობების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები. აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდება.

წარმოდგენილ ცვლილებებს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

ინფორმაციას თბილისი საკრებულო ავრცელებს.