21 ოქტომბრის სხდომაზე სებ-მა ინფლაციის პროგნოზი გაზარდა, თუმცა, ჩვენი მოლოდინის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა – ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკურ განახლებაში.

„ამავდროულად, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, წინა სხდომებთან შედარებით, უფრო ძლიერია. სექტემბერში ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბერში განაკვეთები უცვლელად დატოვეს, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე დეკემბერში ორივეს შემთხვევაში განაკვეთის ზრდას მოელიან. საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური წნეხის ზრდა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობები დეკემბერში სებ-ის მხრიდან განაკვეთის 8.5%-მდე გამკაცრების ალბათობას ზრდის“ – ნათქვამია პუბლიკაციაში. 

საინვესტიციო ბანკის თანახმადვე, „სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ინფლაციის ძირითადი ტენდენცია ძლიერდება. უმაღლესი განათლების საფასურის მკვეთრი შემცირების ერთჯერადი ეფექტის გარეშე, წლიური ინფლაცია 6.3% იქნებოდა, საქსტატის საბაზო ინფლაცია 3.7%-ის ნაცვლად 5.1%, მომსახურების ინფლაცია კი იმავე 3.7%-ის ნაცვლად 6.6%. ინფლაციის ძირითადი ტენდენციის საზომების უმეტესობა 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა. გარდა ამისა, ძლიერდება მომსახურების გაძვირება, რაც მაღალი ინფლაციის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების რისკს ზრდის. საპირისპიროდ, საქონლის, მათ შორის საკვების, ფასების ზრდა ნელდება, რაც მთლიან ინფლაციაზე შემაკავებელი მიმართულებით მოქმედებს. საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალი 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 6.0%-დან 5.7%-მდე ამცირებს, რადგან უმაღლესი განათლების საფასურის კლების გავლენა ნავთობისა და საკვების მხრიდან დამატებით ზეწოლას აჭარბებს. ამავდროულად, ნავთობის გაძვირების გაგრძელების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა პროგნოზს გადააჭარბოს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წლიური ინფლაცია შემცირდება, ხოლო დეკემბერში კვლავ გაიზრდება, რაც საბაზო ეფექტებს უკავშირდება“.