ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში, 400-დან 500 000 ლარამდე მოცულობის, 600 სესხი გაიცა. ამ სესხების ჯამური მოცულობა 300 მლნ ლარი იყო, რაც მთლიანი კრედიტების 1%-ს შეადგენს.
როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა, სავალუტო სესხების ზღვრის 400-დან 500 ათას ლარამდე გაზრდა საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. მისივე განმარტებით, განხორციელებული ცვლილება დედოლარიზაციის პოლიტიკის ნაწილია.
„ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით და ვუყურებთ, როგორც გრძელვადიან პოლიტიკას. შევხედეთ, რომ ცვლილებების განხორციელების წინაპირობები გვქონდა. საკრედიტო აქტივობა იყო მაღალი, წლის ბოლოს ამ კუთხით დაახლოებით 18%-თან ვართ. ამიტომ ასეთი ცვლილებებით, რაც სავალუტო სესხების ზღვრის 500 ათას ლარამდე გაზრდას გულისხმობს, არ ველით ნეგატიურ გალენას საკრედიტო აქტოვობაზე.
მეორეს მხრივ, უცხოური ვალუტის ალტერნატივა არის ლარის სესხი და ამ კუთხითაც გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა გვქონდა. ვხედავთ წინაპირობებს, რომ მომავალშიც ეს შერბილება გაგრძელდეს. ამიტომ ლარის სესხების ხელმისაწვდომობა მაღალია. დედოლარიზაციის პოლიტიკა არის გრძელვადიანი და დოლარიზაციის შესამცირებლად ასეთი ნაბიჯები შესაძლოა, მომავალშიც გადავდგათ. ამასთან, ეს ნაბიჯები, როგორც გასულ წლებში, იქნება თანმიმდევრული.“-აღნიშნა დავით უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, დედოლარიზაციის პოლიტიკა გრძელვადიანია და ის განსაკუთრებით 2017 წლიდან გააქტიურდა. მას შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის, ანუ იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ, უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის ზღვარი რამდენჯერმე გაზარდა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამ ნაბიჯების გადადგმის შედეგად, გასულ წელს დოლარიზაცია ქვეყანაში 45%-მდე შემცირდა. მარეგულირებელში თვლიან, რომ ეს ნიშნულიც მაღალია, მიმდინარე წელს, კი მოლოდინია რომ დოლარიზაცია სხვა თანაბარ პირობებში 40%-მდე შემცირდება.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მათ, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, 500 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში შეეზღუდათ. ცვლილება პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში.