საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების ოქტომბრის თვის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში სებ-მა სავალუტო ბაზარზე რეკორდულად დიდი ოდენობის თანხა გაყიდა, ჯამში 591 მილიონი დოლარი. მათ შორის სავალუტო ინტერვენციებით გაიყიდა 214 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით 377.7 მილიონი დოლარი.

მიმდინარე თვის 8 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ სებ-მა ოქტომბერში რეკორდული ინტერვენციები განახორციელა. თუმცა უცნობი იყო ამ კლებაში რა წილი მოდიოდა წმინდა ინტერვენციებზე, რაც როგორც სავალუტო აუქციონებს ასევე Bmatch პლატფორმით გაყიდულ სახსრებს მოიცავდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ ინტერვენციების ჯამი 591 მილიონი დოლარი იყო.

სექტემბერ-ოქტომბერში სებ-ის გაყიდვებმა 698 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე ორი თვის ჭრილში რეზერვების ყველაზე დიდი ხარჯვაა ეროვნული ბანკის ისტორიაში.

ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. ნოემბერში კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.