თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, ტურიზმის ინდუსტრიაზე მოახდიონს უარყოფითი გავლენა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროტესტი გაგრძელდება და თან უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას პოლიტიკური სიტუაციის გამო, არავითარი საფრთხე არ ელის. 

ზამთრის სეზონის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. როგორც სხვა სექტორი, ისე ტურიზმის ინდუსტრიაც პოლიტიკური მოვლენებისადმის საკმაოდ მგრძნობიარეა, თუმცა ჯერჯერობით დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო, სტუმარმასპინძლობის სფეროს საფრთხე არ შექმნია და არც სამომავლოდ შეექმნება, თუ აქციები მასშტაბებს არ შეიძენს.

ახლა ტურიზმის ინდუსტრიაში ზამთრის სეზონისთვის სამზადისი მიმდინარეობს. უკვე კეთდება ჯავშნებიც და როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა მანანა ალადაშვილმა განაცხადა, შეინიშნება შეკვეთების გაუქმებაც, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება ოპოზიციის აქციებს.

"საერთოდ, ყველამ ვიცით, როგორი მგრძნობიარეა ტურიმის ინდუსტრია. ახლა ჯავშნების გაუქმების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ეს მასობრივად არ ხდება. თანაც ეს პროცესი პოლიტიკურ სიტუაციას არ უკავშირდება. თუ აქციები გაგრძელდება და მასშტაბებსაც შეიძენს, ალბათ, შემდეგ იქონიებს გავლენას, მაგრამ ჯერჯერობით ახლანდელ პოლიტიკურ სიტუაციას ტურზმის ინდუსტრიაზე დარტყმა არ მიუყენებია.

თუ აქციები არ გაგრძელდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ზოგადად კი, ტურიზმიში ყოველთვის დადებითი მოლოდინი გვაქვს და არა მგონია, რაიმე მკვეთრი ცვლილებები მოხდეს.

ზამთრის სეზონი მალე დაიწყება და საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. ასე რომ, ამ ეტაპზე, ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ, როგორც გითხარით, თუ პოლიტიკური სიტუაციას დაიძაბება, შემდეგ ყველაფერი საფიქრალი იქნება”, - ამბობს  ალადაშვილი.

იგივე მოლოდინი აქვს ტურიზმის სფეროს კიდევ ერთ სპეციალისტს. პროფესორი ნიკა კვარაცხელიაც ვარაუდობს, რომ პოლიტიკური სიტუაცია ტურიზმზე გავლენას არ იქონიებს.

"საერთოდ, ზამთრის ტურიზმი უფრო მდგრადია და დიდად დამოკიდებული არ არის პოლიტიკაზე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, აქ განვითარებულ მოვლენებს როგორ აშუქებენ საზღვრებს გარეთ. თუ სხვა სახელმწიფოებში ამბობენ, რომ საქართველო ცუდი ქვეყანაა, მაშინ, შესაძლებელია, ვიღაც-ვიღაცებზე ამან იმოქმედოს, მაგრამ არც ერთ ქვეყანას მსგავსი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ძირითადად, როდესაც ტურისტები სადმე მიდიან, მანამდე ყველაფერს ამოწმებენ თავიანთ საგარეო საქმეთა სამინიტროს ვებ-გვერდზე, სადაც მითითებულია, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოგზაურობა, რომელ ქვეყანაშია საჭირო თავის შეკავება და რომელ ქვეყანაში კატეგორიულად არ შეიძლება ვიზიტი. ასეთი განცხადებები კი სახელმწიფოებისა და მათი უწყებების მხრიდან არ ყოფილა.

საქართველო, ტურისტების გამოხმაურებით, პატარა გამონაკლისების გარდა, არის მეგობრული ქვეყანა. ქართველებმა სტუმრის მიღება და პატივისცემა ძალიან კარგად ვიცით. გამონაკლისში კი რუსეთს და რუსებს ვგულისხმობ. ამ ეტაპის პოლიტიკურმა პროცესებმა კი არა მგონია, რაიმე გავლენა იქონის ტურიზმზე და მის მიმართულებებზე.

ისე კი, ვინ სცნო ამერიკის არჩევნები? ლეგიტიმურად ვინ ჩათვალა და ვინ არ ჩათვალა? აშშ ამას დაუშვებს, რომ სხვა ქვეყანამ რამე თქვას მის ჩატარებულ არჩევნებზე?! ეს ჩვენი, პატარა ქვეყნის უბედურებაა”, - აცხადებს  ნიკა კვარაცხელია.

თბილისში საპროტესტი აქციები არჩევნების შემდეგ დაიწყო და უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, თუმცა ყოველ მომდევნო დღეს დემოსტრანტთა რაოდენობა მცირდება. ამიტომ, პოლიტიკური სიტუაცის გამო, ქვეყანაში არეულობა მოსალოდნელი არ არის.

როგორც ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, მიმდინარე აქციები ქაოსური და სპონტანური ტიპის მიტინგებია.

"არასტაბილური პოლიტიკური გარემო და ქუჩების გადაკეტვა ტურიზმზე პოზიტიურად არ იმოქმედებს, თუმცა გასათვალისწინებელია მასშტაბი. თბილისში განვითარებული მოვლენების გამო არ მგონია მსურველებმა საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ქაოსური და სპონტანური ტიპის მიტინგებია, თუმცა თუ ეს რაიმე სერიოზულში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს არა მარტო ტურიზმზე, არამედ სხვა სექტორებზეც", - აცხადებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია.

წყარო: რეზონანსი