პირველი ივლისიდან სანდრო რთველაძე ასრულებს მუშაობას უზბეკეთში Ipoteka Bank-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ბანკი OTP Group-ის სტრუქტურაში შედის უზბეკეთში, წერს ფინანსური ორგანიზაციის პრეს–სამსახური.
ბანკის ინფორმაციით, მისი ხელმძღვანელობის ორი წლის განმავლობაში განხორციელდა მასშტაბური ტრანსფორმაცია, მას შემდეგ რაც ბანკი OTP Group-ის კონტროლქვეშ გადავიდა. აღნიშნულია, რომ ეს გარიგება უზბეკეთში სახელმწიფო ბანკის პრივატიზაციის პირველი შემთხვევა იყო, რამაც ევროპულ ფინანსურ ჯგუფს ადგილობრივ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა მისცა.
ხელმძღვანელობის ცვლილებამდე ბანკი ძირითადად ფუნქციონირებდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი, დიდი მოცულობის იპოთეკური სესხებით. რთველაძის ხელმძღვანელობის პერიოდში გადაეწყო ოპერაციული პროცესები, გაიზარდა კაპიტალი, გაუმჯობესდა აქტივების ხარისხი და აღდგა მომგებიანობა.
კომპანიის განცხადებით, განხორციელებულმა ნაბიჯებმა შექმნა მდგრადი ბიზნეს-მოდელი და ბანკის სისტემა დედა-კომპანიის რისკების მართვის სტანდარტებს მოარგო. ასევე დაკომპლექტდა ახალი ტოპ-მენეჯმენტი და შეიქმნა საფუძველი მომავალი ზრდისთვის.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და OTP Group-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლასლო ვოლფმა აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი ახალი სტანდარტების შესაბამისად დასრულდა და მადლობა გადაუხადა წასულ ხელმძღვანელს შესრულებული სამუშაოსთვის.
თავის მხრივ, სანდრო რთველაძემ აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები მთლიანად გუნდის მუშაობის დამსახურებაა და მადლობა გადაუხადა ჯგუფის ხელმძღვანელობას ნდობისთვის.
სანდრო რთველაძე Ipoteka Bank-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ 2024 წელს დაინიშნა, სადაც ელიორ ინომჟონოვი შეცვალა. მანამდე იგი ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა TBC Bank Uzbekistan-ში, UBS-ში, Liberty Bank-ში, ასევე იყო OTP-ის რუსული ფილიალის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
ტოპ-მენეჯერს მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ოქსფორდისა და ჯეიკობსის უნივერსიტეტებში.