ივანიშვილის მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსების მხოლოდ ნახევარია გარანტირებული, ხოლო მესამე სემესტრიდან მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად სტუდენტს მოუწევს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება.

დადგენილების თანახმად, მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი სახეებია: 

  •  საბაზო დაფინანსება;
  • სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება.

რაც შეეხება საბაზო დაფინანსებას, ის ორი ნაწილისგან შედგება:

  • პირველი კომპონენტი − გარანტირებული საბაზო დაფინანსება;
  • მეორე კომპონენტი − დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება.

გარანტირებული საბაზო დაფინანსება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდება.

ხოლო დარჩენილი 50%-ის დაფინანსება "დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული", შესაბამისად სტუდენტს მისი მოპოვება მოუწევს.

დადგენილებაში წერია, რომ უპირობოდ სტუდენტი მხოლოდ პირველ და მეორე სემესტრში ფინანსდება, ხოლო მესამე სემესტრიდან მან უნდა დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ სტუდენტი, რომელიც მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მას მომდევნო სასწავლო სემესტრიდან უჩერდება დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება და ვალდებულია, სწავლის საფასურის 50% გადაიხადოს საკუთარი სახსრებით.

დადგენილების მიხედვით, დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში სტუდენტს აქვს უფლება, ყოველი მომდევნო სემესტრიდან აღიდგინოს დაფინანსება. ამისთვის მან წინა სემესტრში უნდა დააგროვოს "სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის (30 (ECTS) კრედიტი) ან ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის 100%."

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ "საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე და ქულებზე, საუბარია კრედიტების საკითხზე, 51%-იანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ კრედიტი სტუდენტს მოპოვებული აქვს."

tabula.ge