სასკოლო ფორმების ფასები დადგინდა

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების გაყიდვის ფიქსირებული ფასები განისაზღვრა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აწერს ხელს.

დოკუმენტის მიხედვით, სასკოლო ფორმების განსაზღვრულზე მაღალ ან დაბალ ფასად გაყიდვა დაუშვებელია.

გოგონებისა და ბიჭების პიჯაკი 45 ლარი ეღირება, შარვლის ფასი კი 25 ლარი იქნება. ასევე 25 ლარი ეღირება როგორც მოკლე, ისე გრძელი ქვედაკაბა.

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ფორმებს სახელმწიფო კომპანია „საგანმანათლებლო რესურსები“ შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს. კომპანია ჩინურ საწარმოს უკავშირდება და საქართველოში 2026 წლის მარტში დარეგისტრირდა.

განათლების მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება. სკოლებსა და ოჯახებს მიწოდების პირობებისა და ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია ზაფხულის განმავლობაში მიეწოდებათ.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეები ფორმებს უფასოდ მიიღებენ. შეღავათი შეეხება იმ ბავშვებს, რომელთა ოჯახის სოციალური სარეიტინგო ქულა 60 000-ზე ნაკლებია.