"ოცნების" დეპუტატები მივლინებებში დახარჯული ფული - აუდიტის სამსახური ახალ დასკვნას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილის გუნდის წევრები იმაზე მეტ თანხებს ხარჯავდნენ მივლინებებში, ვიდრე სჭირდებოდათ.
საქმე 2019-დან 2021 წლამდე შემთხვევებს ეხება. დასკვნის მიხედვით, პარლამენტარებს სადღეღამისო ნორმის მიხედვით გაზრდილი მოცულობით თანხებს ურიცხავდნენ მაშინ, როცა ხშირ შემთხვევაში მიმწვევი მხარე დეპუტატების კვებასაც უზრუნველყოფდა.
„თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოხელეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები გაიცემა სრულად. საპარლამენტო დელეგაციის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატის სახელმწიფო მოსამსახურის, საჯარო მოსამსახურის ქვეყნის ფარგლების გარეთ მივლინების შემთხვევაში, სამივლინებო განაცხადზე აუცილებელია პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დასკვნა იმის შესახებ, თუ რა ხარჯებს ანაზღაურებს მიმწვევი მხარე. სამივლინებო მიწვევა უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი და დადასტურებული პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ.
სამივლინებო განაცხადების და მოწვევის დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის აპარატის მიერ მივლინებულ პირებზე სადღეღამისო ნორმის ანაზღაურება განხორციელდა სრული მოცულობით იმ შემთხვევებში, როდესაც მიმწვევი მხარის დღის წესრიგით განსაზღვრული იყო მივლინებული პირების კვებით უზრუნველყოფა. დასკვნა მივლინებულ პირთა სამივლინებო განაცხადები და სამივლინებო განაცხადებზე პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დასკვნები, რიგ შემთხვევებში არ არის რელევანტური მიმწვევი მხარის მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგთან, შედეგად ფიქსირდება მივლინებულ პირებზე სადღეღამისო ნორმის გაზრდილი მოცულობით ანაზღაურების შემთხვევები“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დარღვევები დაფიქსირდა, როგორც სამივლინებო განაცხადების წარდგენის, ასევე ავიაბილეთების შესყიდვისა და საავანსო ანგარიშსწორების წარმოების კუთხით.
„პარლამენტის აპარატის მიერ 2019-2021 წლებში მივლინებებზე გაწეული ხარჯების 40%-ს შესყიდული ავიაბილეთების ღირებულება შეადგენს. შესყიდული ავიაბილეთების ერთეულის ღირებულებებში არსებული განსხვავებების დადგენის მიზნით, სტატისტიკური მეთოდით შეირჩა 228 ერთეული სამივლინებო ბრძანება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა 712 მივლინებული პირისთვის შესყიდული 1874 ავიაბილეთი. აღსანიშნავია, რომ არცერთ შემთხვევაში არ იყო დაცული პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სამივლინებო განაცხადი უნდა შეივსოს მივლინებაში გამგზავრებამდე 14 დღითადრე. უმეტეს შემთხვევაში სამივლინებო განაცხადები გამგზავრებამდე 3-4 დღითადრეა შედგენილი. შემთხვევათა 60%-ის დროს შესყიდულია ავიაკომპანია TURKISH AIRLINES-ის ავიაბილეთები, რომელთა შესწავლისას გამოვლინდა, რომ შესყიდული ავიაბილეთი მიეკუთვნებოდა Y კლასს, რომელიც არ ითვალისწინებდა ფასდაკლებას.
პარლამენტის აპარატის მიერ სამივლინებო განაცხადების დადგენილი წესის დაუცველად, დაგვიანებით შევსება და შესაბამისად, ავიაბილეთების გამგზავრებამდე მოკლე პერიოდში შესყიდვა, მოქმედებს შესასყიდი ავიაბილეთების ღირებულებაზე და წარმოშობს საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიურად განკარგვის რისკებს“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
კორუფციის ექსპერტები ახლა ყველა იმ პარლამენტარების დასახელებას ითხოვენ, ვისი მაგალითებზე დაყრდნობითაც აუდიტის სამსახურმა დასკვნა დაწერა.
აუცილებელია ამ აუდიტის დასკვნის შემდეგ გამოქვეყნდეს იმ პარლამენტარების სახელები და გვარები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარგებლობდნენ და იმ ფულს იყენებდნენ პირადი მიზნებისთვის", - ამბობს ბესო დონაძე.
წყარო: tvpirveli.ge