„ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტიდან, რომელიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას ექვემდებარება, სესხის პორტირება იქნება შედარებით უფრო იაფი“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას გადაცემაში“ „საქმე“ განაცხადა.
საუბარია, ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციაზე, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება და სესხზე 2%-იან საკომისიოს შეეხება. კერძოდ, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებების მიხედვით, სესხის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების (პორტირების) შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება. ამასთან, იურიდიული პირების შემთხვევაში, 2 მლნ ლარამდე საკრედიტო ვალდებულების საკომისიო, ასევე 0.5%-ით განისაზღვრება.
როგორც ლაშა გზირიშვილმა განმარტა, ცვლილება შეეხება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, თუმცა, 2025 წლის 1-ლი მაისიდან წარმოებულ ხელშეკრულებებზე.
„წინსწრების საკომისიო დღემდე მოქმედი რეგულაციით განისაზღვრება მაქსიმუმ 2%-ით, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე, დამოკიდებულია ხელშეკრულების დასრულების ვადებზე და ზოგ შემთხვევაში ნულოვანიც შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე 6 თვეა დარჩენილი, დღევანდელი მდგომარეობითაც წინმსწრები საკომისიო 0-ია.
მაგრამ, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე (ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს, მომხმარებლებს რა ტიპის პრეტენზიები აქვთ), ხშირად წინმსწრები საკომისიოს ფინანსური ორგანიზაციები ყოფდნენ თანხის წარმოშობის მიხედვით. მაგალითად, თუ მომხმარებელი წინმსწრებით ფარავს სესხს საკუთარი სახსრებით, პრაქტიკაში ხშირად იყო საკომისიო უფრო დაბალი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს თანხა მოჰქონდა სხვა ფინანსური ინსტიტუტიდან. ეს ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ შესაძლოა, ფინანსური ინსტიტუტი ცდილობდეს კონკურენციის შეზღუდვას, ანუ, დამატებით ბარიერს უქმნიდეს მომხმარებელს, რომ მან უკეთესი პირობა მოიძიოს სხვა ფინანსურ ინსტიტუტში და ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ გადაწყვეტილებისთვის, რომ ეს საკომისიო შეგვემცირებინა. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლებმა უკეთესი პირობები მოიძიონ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში და მარტივად გადავიდნენ ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში.
ეს ცვლილება შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. იურიდიული პირების შემთხვევაში, თუ მისი ფინანსური ჯამური ვალდებულება ერთი ორგანიზაციის მიმართ 2 მლნ ლარი ან უფრო ნაკლებია, საკომისიო იქნება 0.5%. 2 მლნ ლარზე მეტის შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 2 %.
გარდა ამისა, ეს შეეხება რეფინანსირების შემთხვევებს, როდესაც მომხმარებელი სესხს ფარავს სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან აღებული სესხით. ეს არის კონკურენციის შეწყობის მიზნით, როდესაც ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადაგვაქვს. ეს ეხება როგორც კომერციულ ბანკებს, ისე მიკროსაფინანსოებს, ასევე სესხის გამცემ სუბიექტებს. ანუ ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტიდან, რომელიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას ექვემდებარება, სესხის პორტირება იქნება შედარებით უფრო იაფი.
ცვლილებები ძალაში შედის 1-ლი მაისიდან და შეეხება მხოლოდ ახალ ხელშეკრულებებს, ანუ ამ პერიოდიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებს“,- განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.