„ჯერ ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩინური ავტომობილი ქართველი მომხმარებლისთვის საინტერესოა - ამ ეტაპზე ბევრი მომხმარებელი არ ჰყავს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩინური ავტომობილები საქართველოში გამძლეობის გამოცდას გადის. კერძოდ, უნდა დადგინდეს, რამდენად მიიღებს ჩინური ავტომობილი საქართველოში არსებულ საწვავს, საპოხ და სხვა მასალებს.
„გამოცდის ჩაბარების“ შემთხვევაში კი, როგორც დარბაისელი აცხადებს, შესაძლოა, ჩინურმა ავტომობილებმა საქართველოს ბაზარზე საკუთარი ადგილი იპოვოს.
„ჩინურ ავტომობილებზე უფრო მეტად ახლებზე არის მოთხოვნა. ჯერ ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩინური ავტომობილი არის საქართველოსთვის და ქართველი მომხმარებლისთვის საინტერესო. ჯერ-ჯერობით ბევრი მომხმარებელი არ ჰყავს ჩინურ ავტომობილებს, ვნახოთ რა იქნება სამომავლოდ.
თავის დროზე იაპონურმა, გერმანულმა, ამერიკულმა და ევროპულმა ავტომობილებმა ჩააბარა გამძლეობის გამოცდა, ასევე, რამდენად მიიღებდა ჩვენს საწვავს, როგორ მოირგებდა საპოხ მასალებს და ა.შ. თავის დროზე ევროპულმა და სხვა მანქანებმა ჩააბარეს ეს გამოცდა და დააკმაყოფილეს ის მოთხოვნები, რაც ჰქონდა საქართველოს მომხმარებელს. ეტაპობრივად ეცნობა ხალხი, რამდენად გამძლეა ავტომობილი და რამდენად უძლებს მათ შორის ჩვენს გზებს, ნაწილები რამდენად ხელმისაწვდომია და ა.შ. ამის შემდეგ ნებისმიერი ქვეყნის ავტომობილი თავის ადგილს პოულობს ბაზარზე.
წლების წინ რა ჩინური მანქანებიც შემოვიდა ძალიან უხარისხო იყო, ბევრს წვავდა, ვერ იღებდა ჩვენს საწვავს და საპოხ მასალებს, ახლა ვნახოთ რა იქნება, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. იქნებ იმუშავოს და გააუმჯობესოს ხარისხი. რაც შეეხება ახალი ავტომობილის ფასს, ჩინური მანქანების გარკვეული მოდელები შეიძლება უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე Mercedes-ის ახალი წლოვანების ავტომობილი. ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელებზე“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი 82%-ით გაიზარდა. წელს იანვარში ქვეყანაში შემოვიდა 343 ჩინური მანქანა, რომელთა ღირებულებამაც 2.668 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს მაშინ, როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულია 2.45 მილიონი დოლარის ღირებულების 188 ერთეული ჩინური ავტომობილი.
ხაზგასასმელია, რომ რაოდენობის ზრდის მიუხედავად ერთი ჩინური ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე შემცირებულია. კერძოდ, 2024 წლის იანვარში 1 ავტომობილის საშუალო ფასი 13 040 დოლარი იყო, ხოლო წელს იმავე პერიოდში 7 780 დოლარი. (შენიშვნა: ფასები მოდელის და წლოვანების მიხედვით შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლები იყოს).