რუსეთში ანტიდეპრესანტებზე მოთხოვნა გაიზარდა. 2025 წლის პირველ ორ თვეში აფთიაქებმა გაყიდეს ასეთი წამლების 3,2 მილიონი შეფუთვა - 15%-ით მეტი, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში და გამოიმუშავეს 2,8 მილიარდი რუბლი. თანხობრივად ზრდამ 30% შეადგინა.

„ეს არის რეკორდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, - წერს „ვედომოსტი“ DSM Group-ის ანგარიშზე დაყრდნობით.

შედარებისთვის: 2023 წლის იანვარ-თებერვალში რუსებმა ანტიდეპრესანტებზე 1,46 მილიარდი რუბლი დახარჯეს. სულ შეძენილია ამ წამლების 2 მილიონი შეკვრა. 2022 წელს მაჩვენებლები უფრო დაბალი იყო: 1,2 მილიარდი რუბლი და 1,8 მილიონი შეფუთვა. 

ტენდენცია დაადასტურა ანალიტიკურმა კომპანია RNC Pharma-მ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2025 წლის რვა კვირის განმავლობაში (1 იანვრიდან 23 თებერვლამდე) აფთიაქებმა გაყიდეს 3,14 მილიონი შეფუთვა ანტიდეპრესანტი. რეალურად, ზრდამ წინა წელთან შედარებით 24.5% შეადგინა. ყველაზე მეტად გაიზარდა დულოქსეტინის (+51%), ესციტალოპრამის (+30%) და სერტრალინის (+35%) გაყიდვები.

გამოცემა წერს, რომ ანტიდეპრესანტებზე მოთხოვნა იზრდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, რასაც მოჰყვა მასობრივი სიკვდილი, სანქციები და ფართო ეკონომიკური პრობლემები. სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს კვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთში დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 10% დეპრესიაში იყო. 2024 წლის დასაწყისში RANEPA-ს გამოკითხვის თანახმად, რუსების 60% რეგულარულად განიცდის შფოთვას.