2025 წლის პირველი სამი თვის ფინანსური შედეგების მიხედვით, 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 748 მილიონ ლარს შეადგენს. კომერციულმა ბანკებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური შედეგები წარუდგინეს. ეს შედეგი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 მილიონი ლარით, ანუ 5.2%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-მარტში 13 მოგებაზე იყო, 6-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა.
მოგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ "საქართველოს ბანკი" იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-მარტში 388 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.7 მილიონით, ანუ 9%-ით არის გაზრდილი.
მოგებით მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 294 მილიონი ლარით, რაც წლიურად 28.3 მილიონით, ანუ 11%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას კი "ლიბერთი ბანკი" იკავებს 30 მილიონიანი მოგებით, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე დიდი ზარალი "ვითიბი ბანკს" აქვს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს. ბანკმა იანვარ-მარტში 33.5 მილიონი ლარით იზარალა. ასევე ზარალზე არიან "სილქ" ბანკი", "პეივ ბანკი", "ჰეშ ბანკი" და "პეისერა" ბანკი.