ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა მსოფლიო მასშტაბით ინფლაციურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მათ შორის საქართველოშიც. მაისის მონაცემებით, ფასების ზრდის ტემპი შედარებით შენელდა და წლიური ინფლაციის

მაჩვენებელმა 5.7% შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძე განაცხადა.

მისი განმარტებით, ენერგორესურსების, განსაკუთრებით ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ საქართველოში საწვავის გაძვირება განაპირობა, რაც პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების შედეგად ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახა.

„ენერგორესურსების, კერძოდ ნავთობის ფასების გლობალური გაძვირება საქართველოში საწვავის ფასებზე პირდაპირ აისახა. შედეგად, პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების გამო, აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, თუმცა მაისში ინფლაცია შემცირდა - ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა მაისში 5.7%-მდე დაიკლო, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან და მოლოდინებთან“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში, 2027 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის (3%) გარშემო დასტაბილურდება.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურ დონეზე შენარჩუნების მიზნით მონეტარული პოლიტიკა ზომიერად გაამკაცრა. ინფლაციის სამომავლო დინამიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონფლიქტის ხანგრძლივობასა და სიმწვავეზე, თუმცა დღეს არსებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში, ინფლაციაც თანდათან შემცირდება და 2027 წელს მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, რაც აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ინფორმაციას სებ-ი აქვეყნებს.