GCCA-მ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების ანგარიში მოამზადა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის, სლავა ფეტელავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის სააგენტოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების 4 მონიტორინგი აქვს განხორციელებული, საიდანაც ორი შესყიდვის ბაზრებს ეხება. მონიტორინგის მიზანს კი წარმოადგენს იმის გარკვევა, იყო თუ არა მათ მიერ განხორციელებული ინტერვენცია ეფექტიანი.
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი წარმოადგენს, რომელსაც სააგენტო სისტემატურად ახორციელებს, თუმცა ამას გარკვეული პროცედურები უძღვის წინ. გადაწყვეტილების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლა ერთმნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ყველა შემთხვევაშიც, დროის გასვლა არ არის საკმარისი, რადგან სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული და ამ საქმიანობას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახორციელებს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის, სააგენტოს დებულების, ბაზრის განსაზღვრის მეთოდური მითითებებისა და უშუალოდ ზეგავლენის შეფასების გზამკვლევი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც (ეს უკანასკნელი) ჩვენ 2023 წელს მივიღეთ.
როგორც უკვე აღინიშნა, ამ დროისთვის სულ ოთხი მონიტორინგი გვაქვს განხორციელებული, ორი მათგანი შესყიდვების ბაზარს ეხება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების Ex-post მონიტორინგის მიზნები შეიძლება დაიყოს 3 ნაწილად. პირველი, ესაა სააგენტოს მიერ წარსულში განხორციელებული ინტერვენციის ეფექტურობის ანალიზი, მეორე, სააგენტოს მიერ სამომავლო ინტერვენციის ხარისხის გაუმჯობესება და მესამე სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლება.
აღსანიშნავია ბოლო მონიტორინგი, რომელიც რამდენიმე თვის წინ განვახორციელეთ, ეხებოდა სახელმწიფო შესყიდვების ბაზარს, კერძოდ - 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესყიდვას. ამ მიმართულებით, კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შემოვიდა, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოცხადებულ ტენდერს ეხებოდა: მარნეულსა და გორში.
გამოცხადებულ ტენდერებში სადავო პირობას საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის ნაწილში წარმოადგენდა ის, რომ თავად აკრედიტაციის ცენტრში აკრედიტებულ და შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე ინსპექტირების ორგანოებს უნდა წარედგინათ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ცნობა იმის თაობაზე რომ მათ მიმდინარე სასამართლო დავა აკრედიტაციის ცენტრთან არ ჰქონდათ. შესაბამისად დავაში მყოფ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს შეზღუდული ჰქონდა ასეთ ტენდერებში მონაწილეობა. ეს საკითხი კონკურენციის სააგენტოს მიერ მიჩნეული იქნა, როგორც კონკურენციის შესაძლო, შემზღუდავ ქმედებად, რის დასადგენადაც სააგენტომ დაიწყო საქმის მოკვლევა. საჩივარი კონკურენციის სააგენტოში შემოტანილი იყო შპს ,,საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ მიერ, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრთან სასამართლო დავის მიუხედავად არ ჰქონდა შეჩერებული აკრედიტაცია სასამართლოს საბოლოო დაგადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე - აღნიშნა ფეტელავამ „კომერსანტის“ რუბრიკაში “კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა”.
მისივე განმარტებით, კონკურენციის სააგენტოს საჩივრის დარეგისტრირებიდან მოკვლევის დაწყებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადა აქვს, ხოლო იმას თუ რამდენად აკმაყოფილებს საჩივარი ფორმალურ სტანდარტებს ამას საჩივრის შემოსვლიდან 3 სამუშაო დღეში ადგენს.
რაც შეეხება GCCA-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, თუ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი გამოვლინდება, რეკომენდაციის აღსრულება სავალდებულოა.
„კონკურენციის სააგენტოში საჩივრის შემოსვლიდან 30-დღიანი ვადა გვაქვს. პირველ სამუშაო დღეებში განვიხილავთ საჩივარი არის თუ არა შესაბამისობაში ფორმალურ სტანდარტებთან, თუ არ აკმაყოფილებს, სამ დღეში ვახარვეზებთ, თუ არადა 30 სამუშაო დღეში ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რთული საქმეა, ვითხოვთ დროის დამატებას,15 სამუშაო დღეს, მაგრამ ეს უკიდურეს შემთხვევაში ხდება.
საჩივარში აღნიშნული სადავო ტენდერების კოდით ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ ყველა სახელმწიფო შესყიდვას დააკვირდა სააგენტო. შესაბამისად, გარდა ზემოაღნიშნული ორი მუნიციპალიტეტისა, ჩვენი მონიტორინგის შედეგად კონკურენციის შემზღუდველი მუხლები აღმოვაჩინეთ კიდევ სხვა - 6 მუნიციპალიტეტში: ხაშური, კასპი, ქარელი, წალკა, გარდაბანი და დმანისი. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ირღვეოდა კონკურენციის კანონმდებლობა და ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული ბარიერების დაწესებას ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, ამიტომაც მოპასუხე სუბიექტები (შესაბამისი მუნიციპალიტეტები) დავავალდებულეთ, რომ სადავო ტენდერებში არსებული კონკურენციის შემზღუდველი ჩანაწერების გაკეთებისგან თავი შეეკავებინათ. როცა რეკომენდაციას ბაზრის გასაჯანსაღებლად გავცემთ, მისი განხილვა სავალდებულოა, როგორც მეწარმე სუბიექტების, ისე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან. როცა ვსაუბრობთ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაზე, თუ დარღვევა ფიქსირდება, მასზე რეაგირება აუცილებელი და ის სასწრაფოდ გამოსასწორებელია“,- აღნიშნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა, სლავა ფეტელავამ.