საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან 5.3%-მდე გაზარდა. პროგნოზის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად გლობალურ ბაზრებზე ნავთობის მაღალი ფასების შენარჩუნება სახელდება.

საინვესტიციო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიური ინფლაციის დაჩქარება, მათ შორის, იმპორტირებული ინფლაციის ზრდას უკავშირდებოდა. იმპორტირებული ინფლაცია აგვისტოში წლიურად 5.7%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ივლისში ეს მაჩვენებელი 5.3% იყო.

ამავე პერიოდში შერეული საქონლის ინფლაციამ 5.3% შეადგინა, ივლისში კი 4.4% იყო.

ამასთან, ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელი აგვისტოში შემცირდა და 5.9% შეადგინა, მაშინ როდესაც ივლისში 6.4%-ს აღწევდა.

„გლობალურად ნავთობზე შენარჩუნებული მაღალი ფასების გათვალისწინებით, 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდე გავზარდეთ“, – აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2026 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ასევე არ არის გამორიცხული. კერძოდ, მკაცრი გლობალური ფინანსური პირობებისა და საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალის შენარჩუნების საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდოს.

ამ შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს მიაღწევს.