იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი მიიჩნევს, რომ საგადახდო მომსახურების ბაზარზე დაგეგმილი ცვლილებებით ბაზრის მონოპოლიზების რისკები ჩნდება.

საქმე ისაა, რომ პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს. ბიზნესებს შესაბამის მოწყობილობებსა და მომსახურებას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ შერჩეული კომპანია მიაწვდის. კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ეროვნული ბანკი.

როგორც ზურაბ ძნელაშვილი BMG-სთან აცხადებს, ერთიანი საკონტროლო-სალარო სისტემის დანერგვა ბიზნესს ხარჯებს შეუმცირებს და საგადასახადო ორგანოსთვის ადმინისტრირებასაც გაამარტივებს. თუმცა მისი თქმით, არასწორია მიდგომა, რომლის თანახმადაც კომპანიებს შესაბამის მოწყობილობებს და მომსახურებას მხოლოდ ერთი კომპანია მიაწვდის.

„რეალურად, ეს არის ორი ერთში რეფორმა. ერთი კონცეფციის ქვეშ არის გაერთიანებული ორი დამოუკიდებელი რეფორმა, რომლებიც ერთმანეთს არ განაპირობებენ და ერთმანეთიდან არ გამომდინარეობენ. პირველი - ეს არის ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, რომლის მიხედვითაც ხდება ერთი მოწყობილობით გადახდა, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ინფორმაციის აღრიცხვა და მიწოდება შემოსავლების სამსახურისთვის. ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით, ეს მისასალმებელია. ზოგჯერ რამდენიმე ტერმინალი უდგას ხოლმე კომპანიას, ერთი სალარო აპარატი და ორი საბანკო ტერმინალი. ამდენი მოწყობილობის გამოყენებას, ერთი მოწყობილობა გამოიყენოს და თვითონ გამიჯნოს მერე პროგრამამ ნაღდი და უნაღდო [ტრანზაქციები], ისე მიაწოდოს ეს გამიჯნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მარტივდება ერთი მხრივ, თვითონ მომსახურება, ხარჯიც მეტწილად შეუმცირდება ამ კუთხით ბიზნესს და გადასახადების ადმინისტრირებაც უფრო ეფექტური გახდება. გასაგებია, რომ აპარატების შეძენა მოუწევს ამ ეტაპზე ბიზნესს, მაგრამ ეს ერთჯერადი ხარჯი იქნება და ვფიქრობ, რომ ეს დადებითი რეფორმაა.

მაგრამ მე პრობლემას უფრო ვხედავ მეორე ნაწილში, რომლის მიხედვითაც ხდება ბაზრის ცენტრალიზაცია. როდესაც შემოვა ეს უნივერსალური სალარო აპარატი, ამ აპარატების და სერვისის მიწოდებაც ერთი კომპანიის ხელში გადავა, ანუ ერთი მონოპოლისტი იქნება ბაზარზე რეალურად. ერთი კომპანია იქნება ბაზარზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ უნივერსალური სალარო აპარატების მიწოდებას ბიზნესისთვის, ასევე სერვისის მიწოდებას ბიზნესისთვის. ამ რეფორმით კონკურენცია აღარ იქნება ამ ბაზარზე. დღეს არის ორი დამოუკიდებელი სფერო. ერთი ბაზარი არის სალარო აპარატების ბაზარი, მეორე სერვისის ბაზარი. პოსტ-ტერმინალების ნაწილშიც იგივე სიტუაციაა. ამ ცვლილების შემდეგ უკვე ანუ კონკურენცია აღარ იქნება ბაზარზე, იქნება ერთი მონოპოლისტი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამ სერვისის და საქონლის მიწოდებას. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს. მე პროექტის განმარტებით ბარათს გავეცანი და არანაირი დასაბუთება განმარტებით ბარათში არ წერია, რატომ შემოგვყავს ერთი კომპანია, ერთი მონოპოლისტი ამ ბაზარზე. არანაირი დასაბუთება არ წერია და ვერც ვხედავ, ანუ ლეგიტიმური მიზანი ამას არ აქვს. როგორც დღეს არის, რომ რამდენიმე მიმწოდებელი კომპანია უზრუნველყოფს მომსახურებას და სალარო აპარატებს, პოსტ-ტერმინალებს სხვადასხვა კომპანიები აწვდიან და უზრუნველყოფენ მიწოდებას. რატომ არ შეიძლება, რომ იგივე დარჩეს იმ უნივერსალურ სალარო აპარატებთან მიმართებაშიც?

ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ სახელმწიფომ დაადგინოს ტექნიკური მოთხოვნები, როგორც ამ აპარატების მიმართ, ასევე მათი ფუნქციების და პროცესის მიმართ, როგორ უნდა მოხდეს ექსპლუატაცია, რა ფუნქციებს უნდა ასრულებდეს, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ სახელმწიფომაც მიიღოს სარგებელი და ბიზნესმაც. მაგრამ არ შეიძლება მიმწოდებლები შევზღუდოთ ბაზარზე. იყოს რამდენიმე ავტორიზებული მიმწოდებელი, როგორიც მაგალითად, სატელეკომუნიკაციო ბაზარზეა. როდესაც კონკურენცია იქნება ბაზარზე, რა თქმა უნდა, იქ ფასებიც განსხვავებული იქნება, შეიძლება აქციებიც შემოგვთავაზონ, მომსახურების ხარისხი იქნება უფრო განსხვავებული და ა.შ“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

წყარო: bm.ge