საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა 2026 წლის მეორე კვარტალში წლიურად 23.2%-ით შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აპრილ-ივნისში ქვეყანაში 468.8 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში მაჩვენებელი 610.6 მილიონ დოლარს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეინვესტირების კლებაა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეინვესტიციების მოცულობამ 300.5 მილიონი დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 467.4 მილიონი დოლარი იყო.
ჩინეთმა ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი ჩინეთი გახდა. ჩინური კაპიტალის მოცულობამ 219.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც კვარტალში მოზიდული FDI-ის 46.8%-ია.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ხუთეულში ლიდერობენ:
- ჩინეთი — $219.5 მლნ (46.8%);
- გაერთიანებული სამეფო — $123.5 მლნ (26.3%);
- არაბთა გაერთიანებული საამიროები — $47.7 მლნ (10.2%).
მხოლოდ ამ სამ ქვეყანაზე მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.3% მოდის.
ჩინეთის პოზიცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა წინა პერიოდთან შედარებით. 2025 წლის მეორე კვარტალში ჩინეთიდან FDI უარყოფითი იყო და -21.6 მილიონ დოლარს შეადგენდა. 2026 წლის პირველ კვარტალში კი ჩინური ინვესტიციების მოცულობა 16.4 მილიონი დოლარი იყო.
ჩინეთიდან კაპიტალის მკვეთრი ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს საბანკო სექტორში განხორციელებულ მსხვილ გარიგებასთან. ჩინური „ჰუალინგ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენის ფარგლებში 674 მილიონ ლარზე მეტი, დაახლოებით 250 მილიონი დოლარი, იქნა გადახდილი.
საფინანსო სექტორი კვლავ ლიდერობს
სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებზე მოდის. მეორე კვარტალში ამ სექტორში 207.6 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც მთლიანი FDI-ის 44.3%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი, რომელმაც 119.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა — მთლიანი მოცულობის 25.6%.
დამამუშავებელ მრეწველობაში კი 59 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც საერთო მაჩვენებლის 12.6%-ია.
საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირები იზრდება
ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას 2023 წელს მიაღწიეს, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, სატრანსპორტო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.
2023 წლის სექტემბრიდან საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის უვიზო მიმოსვლა ეტაპობრივად ამოქმედდა: თავდაპირველად საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო მოთხოვნა, 2024 წლის მაისიდან კი ანალოგიური რეჟიმი ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შემოიღო.
2026 წლის ივნისში თბილისმა და პეკინმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ განაცხადეს და პარტნიორობა „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე აიყვანეს.
ჩინეთთან თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად მიმდინარეობს. ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის ფონზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
2024 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ ასევე განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა.