საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი შვიდი უწყების 2022 წლის ფინანსური აუდიტისა და ერთი სააგენტოს პროექტის დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტის ანგარიშები განიხილა. კერძოდ, დღეს განხილული იყო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის – „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტის ანგარიშები.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, აუდიტების ანგარიშების თანახმად, გაცემულია 62 რეკომენდაცია, აქედან 8 რეკომენდაცია მიეცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 18 რეკომენდაცია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 6 რეკომენდაცია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 6 რეკომენდაცია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 10 რეკომენდაცია - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და 14 რეკომენდაცია - იუსტიციის სამინისტროს.

მისი თქმით, აუდიტის ანგარიშებში ასახული მიგნებები დაყოფილია ოთხ ჯგუფად: აქტივების მართვა, მოთხოვნები და ვალდებულებები, აღრიცხვა-ანგარიშგება და ზოგადი კონტროლის მექანიზმები.

მომხსენებლის, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კეკელიშვილის განცხადებით, აუდიტის ანგარიშებში ასახულია ის უზუსტობები, რომლებსაც არსებითი გავლენა აქვთ ფინანსურ ანგარიშგებაზე.

გიორგი კეკელიშვილმა დეტალურად ისაუბრა ანგარიშებში ასახული მიგნებების ოთხივე ჯგუფზე, ხოლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია გააცნეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

bm.ge