ცელიაკიის დიაგნოზის ბავშვების სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მუშაობს და ზრდის ამ დაავადების მქონე მოზარდებისთვის სპეციალურ საკვებზე ხელმისაწვდომობას. 
ამის შესახებ სფეროს სპეციალისტები და საკვების რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ.

გლუტენის აუტანლობა იგივე ცელიაკია სამედიცინო დიაგნოზია, რომელიც ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 1-3 პროცენტში ფიქსირდება, აქედან ერთი მესამედი ბავშვია.

ცელიაკია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით მიმდინარე ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მარცვლეულ კულტურებში (ხორბალში, ჭვავსა და ქერში) არსებული ცილა გლუტენის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს უვლინდებათ.

ცელიაკიის დიაგნოსტირება რიგ შემთხვევებში რთულია. ცნობილია 200-ზე მეტი სიმპტომი, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი და სხვა სისტემების მხრივ. ზოგიერთ დაავადებულს სიმპტომები საერთოდ არ აქვს.

სიმპტომიან პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული დიარეა, აუხსნელი რკინადეფიციტური ანემია ან გამონაყარი კანზე, წონაში მატების შეფერხება, მეტეორიზმი და სხვა. დაავადება ტესტირებით ვლინდება.

3 თვეა რაც საქართველოში ამ დიაგნოზის ბავშვებისთვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ბავშვს ყოველთვიურად გადაეცემა 200 ლარიანი საკვები ვაუჩერი, რომლითაც მას შეუძლია გლუტენის გარეშე წარმოებული პროდუქცია მიიღოს. საკვების შესაძენად საჭიროა, ვაუჩერთან ერთად ფორმა 100-ის და მშობლის პირადობის მოწმობის წარდგენა. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია "ჯიპისი", "მედფარმა პლიუსი" და "ჯორჯიტა".

ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ საუბარში მაღაზიათა ქსელ „ჯორჯიტას“ მარკეტინგის მენეჯერი სოფო იარაჯული აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში უგლუტეინო პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.

„ჯორჯიტა არის პრემიუმ-კლასის სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2001 წლიდანაა წარმოდგენილი და უგლუტეინო პროდუქტების ყველაზე ფართო ასორტიმენტი აქვს.

უგლუტეინო პროდუქციაზე ბოლო პერიოდში მოთხოვნა იზრდება. გაიზარდა ცნობიერება, სკრინინგი და დაავადების გამოვლენა. ამასთან, ბაზარზე არის კიდევ ერთი ტრენდი: უგლუტეინო პროდუქტები ჯანსაღ საკვებად ითვლება და უკვე ფართო მასებმა დაიწყეს მისი გამოყენება. ეს საკვები ტრენდული გახდა და უფრო ჯანმრთელად ითვლება,“ - აღნიშნა სოფო იარაჯულმა.

ამასთან, მისი თქმით, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ამ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, ხშირია შემთხვევები, როცა მათ რეგიონებიდან იწერენ.

ცელიაკიის ასოციაციის პრეზიდენტის ქეთი ტაბატაძის განცხადებით კი, ბოლო პერიოდში ამ დაავადების შესახებ ცნობიერება იზრდება.

„როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, სავარაუდოდ, საქართველოშიც  ცელიაკიის მქონე ადამიანების რაოდენობა იქნება 1-2%, თუმცა, სამწუხაროდ, ამის შესახებ სტატისტიკა არ გვაქვს. ამ კუთხით პრობლემაა ის, რომ საქართველოში ცნობიერების დონე არ არის ისეთი მაღალი, როგორიც ევროპულ ქვეყნებში. სწორედ ამ მიზნით ჩამოვაყალიბეთ ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია, ასევე გავხდით ევროპის ცელიაკიის ასოციაციის წევრი და ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში ცნობიერების ამაღლებას ხელი შევუწყოთ. ამ მიზნით ვატარებთ არაერთ კონფერენციას. ასევე გვქონდა საერთაშორისო კონგრესი.

ევროპული სტატისტიკით, ცელიაკიის მქონე პაციენტების 2/3 ზრდასრულია, თუმცა საქართველოში უმრავლესობა ბავშვი გვყავს, რადგან დღემდე დიაგნოსტიკის შესაძლებლობა არ იყო და სულ რამდენიმე წელია, რაც აქტიურად ხდება დაავადების გამოვლენა. სულ 2 თუ 3 კლინიკაში იყო შესაძლებელი ცელიაკიის გამოვლენისთვის აუცილებელი ანალიზების ჩაბარება. ასევე ხდებოდა უცხოეთში გაგზავნა, თუმცა დღეს, რადგან პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა და ცნობიერებაც ამაღლდა, უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულებისთვის გახდა ეს მიმართულება მნიშვნელოვანი. ისევე, როგორც იზრდება პროდუქციის მრავალფეროვნება, უმჯობესდება ხელშეწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია, რის შემდეგაც საჭიროა მისი მართვა და კვებით ხელშეწყობა.  დღევანდელი მონაცემებით წს არის ერთადერთი მეთოდი, რის შედეგადაც ადამიანი ისეთივე ჯანმრთელი ხდება, როგორც ქვეყნის დანარჩენი ჯანმრთელი პოპულაცია,“ - აღნიშნა ქეთი ტაბატაძემ.

მისი თქმით, ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთა ორგანიზმში დაავადება ფარულად მიმდინარეობს და დროული დიაგნოსტირებაა საჭირო.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, სოფო იარაჯულის შეფასებით, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. მისი თქმით, „ჯორჯიტა“ პროგრამაში ამოქმედებისთანავე ჩაერთო.

„საინტერესოა, რომ ყოველთვიურად იზრდება გამოყენებული ვაუჩერების რაოდენობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ცნობიერება იზრდება, ყველა იგებს ამ პროგრამის შესახებ და ერთვება პროგრამაში. ამასთან, ადრე თუ მომხმარებლები მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტებს ყიდულობდნენ, როგორიცაა ფქვილი და პური, ახლა თავს უფლებას აძლევენ, უფრო ფართო მოხმარების, უმაღლესი ევროპული ხარისხის პროდუქტები შეიძინონ. ეს ხაზს უსვამს იმას, რამდენად კარგია ეს პროგრამა. თქვენ არ იცით, როგორი მომართვიანობაა თვის დასაწყისში. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის მისთვის პროდუქციის შესაძენად,“ - განაცხადა სოფო იარაჯულმა.

რაც შეეხება სასკოლო კვებას, სოფო იარაჯულის ინფორმაციით, უგლუტეინო პროდუქცია ჯერჯერობით ყველა სკოლაში არაა, მაგრამ არსებობს განათლების მინისტრის  ბრძანება, რომლის მიხედვითაც სკოლებმა უნდა უზრუნველყონ სპეციალური კვებითი საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სპეცკვების შეთავაზება.
„ჯორჯიტას“ მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, სკოლებისგან, რომლებთანაც მათ ეს საკითხი განიხილეს, არის ამ კუთხით თანამშრომლობის მზაობა, მაგრამ საჭიროა ტრენინგების ჩატარება, რათა სასკოლო სამზარეულოები ბავშვებისთვის უსაფრთხო იყოს.

jandacva.ge