„ფეხბურთმა ყველა გააერთიანა. ქალი, კაცი, ბავშვი, ყველა დაინტერესებულია იმით, თუ რა წარმატებას მივაღწევთ კიდევ და რა სიუხვეს შემოგვთავაზებს ჩვენი ნაკრები და განწყობა არის მხოლოდ და მხოლოდ დადებითი“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს, როგორც ქვეყნის წარმოჩენაში. 

„კადრები, რომელიც ვრცელდებოდა სტადიონის შიგნიდან, გარედან, გულშემატკივართა ემოციები, ეს უბრალოდ სასწაულია, რომელიც შეიძლება არ განმეორდეს და ეს სიხარული, რაც დღეს ქვეყანას აქვს, უბრალოდ წარმოუდგენელია. მე ვერ ვიხსენებ შესაბამის ფაქტს, რომელთანაც შეიძლება პარალელი გავავლო. 

არ ამომდის კადრები თვალიდან, როცა კვარაცხელია და რონალდო მოედნის ცენტრში დგანან, ერთი მარჯვნივ გაქცევას აპირებს, მეორე მარცხნივ და ამ დროს ერთმანეთს ესალმებიან. ეს უბრალოდ უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს მუხტი ყველაფერზე გავლენას იქონიებს.

მაგალითად, ერთ-ერთ ბარში გერმანელებთან ერთად ვიჯექი და იქ რამდენიმემ უკვე გადაწყვიტა საქართველო მოინახულოს. გერმანელები ასეთი ემოციური ხალხი არ არიან. 26 რიცხვი ჩვენთვის წმინდა გახდა. 26 მაისი, 26 ივნისი და იმედია 30 ივნისიც ასეთივე იქნება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

როგორც მან აღნიშნა, ასეთი პოზიტიური განწყობა, ერთიანობა, გუნდურობა, მომავალი თაობისთვის საუკეთესო მაგალითია. შექმნილ ამაღელვებელ მდგომარეობას კი აუცილებლად სჭირდება გაგრძელება, რათა ქვეყნის ეკონომიკაზე მიღწეული წარმატება დადებითად აისახოს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალიან ბევრი ბავშვი დაინტერესდება მომავალში ფეხბურთით, სპორტით და ეს იმის შესაძლებლობა იქნება, რომ ადამიანები არა ცუდი, მავნე საქმეებით დაინტერესდნენ, არამედ ფეხბურთი და სპორტი იქნება მათთვის მნიშვნელოვანი. 

მომავალი თაობისთვის ეს ძალიან ძალიან მაგარი მაგალითია. ნაკრების ბიჭები არიან ერთ მუშტად შეკრული და გულშემატკივრებმა კი საოცარი მხარდაჭერა აჩვენეს. სტადიონზე იმდენად დიდი ეიფორია იყო, რომ ამ სილამაზის და მშვენიერების გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. 30 ივნისის მატჩის მიმართაც გვაქვს სურვილი, რომ შევძლოთ ამ ეტაპის გადალახვა. 

რა თქმა უნდა ამ განწყობას ეკონომიკაზე ექნება დადებითი გავლენა და ამ მუხტს სჭირდება გაგრძელება. მოლოდინი, რომელიც გვაქვს საქართველოს განვითარებისთვის, გვინდა რომ გამართლდეს და ეს მის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.