„ინდური ბანკები ძალიან სტაბილური ბანკები არიან და მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვთ - ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში ასეთი ბანკების შემოსვლა გამარტივდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
ბერეკაშვილმა ინდური ბანკები მაგალითად პარლამენტში გამართული განხილვისას მოიყვანა, სადაც „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში სანდო რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის პროცედურების გამარტივება და საბანკო სექტორში კონკურენციის გაზრდაა.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოური ბანკის საქართველოში ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ის ეროვნული ბანკის მიერ სანდოდ მიჩნეულ ქვეყანაში საქმიანობს და შესაბამის საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციაში მისაღები საკრედიტო რეიტინგი აქვს. ამასთან, მხოლოდ რეიტინგი საკმარისი არ იქნება - ბანკს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, საერთაშორისო აღიარება, ფინანსურ სექტორში საქმიანობის გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურა. სანდო ქვეყნების განსაზღვრისა და მისაღები რეიტინგების კრიტერიუმებს ეროვნული ბანკი კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში დაადგენს.
საქართველოში საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაციის ფონზე, ახალი მოთამაშეების შემოსვლა კონკურენციის ზრდის ერთ-ერთ შესაძლო გზად განიხილება. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ქვეყნის საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკზე მოდის.
ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკაა, ხოლო მისი საბანკო ბაზარი მასშტაბითა და მოთამაშეების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული State Bank of India და Bank of Baroda, ასევე კერძო ბანკები HDFC Bank და ICICI Bank.
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინფორმაციას ოთხი მსხვილი ინდური ბანკის შესახებ, მათი ფინანსური მასშტაბის, ქვეყნის შიდა ბაზარზე პოზიციისა და საერთაშორისო საქმიანობის ჩათვლით.
State Bank of India (SBI) - ქვეყნის უმსხვილესი ბანკი
State Bank of India (SBI) ინდოეთის უმსხვილესი ბანკია და სახელმწიფოს საკუთრებაშია. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მისი აქტივები 83.2 ტრილიონ ინდურ რუპიას აღემატებოდა. ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, იმავე პერიოდისთვის მისი დეპოზიტები 59.76 ტრილიონ რუპიას, ხოლო გაცემული სესხები 49.33 ტრილიონ რუპიას შეადგენდა.
SBI-ს ინდოეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ფართო საბანკო ქსელი აქვს. 2026 წლის მარტის მონაცემებით, ბანკს ქვეყანაში 23 265 ფილიალი და 64 245 ბანკომატი ჰქონდა.
ბანკი აქტიურად საქმიანობს საერთაშორისო ბაზარზეც. ინდოეთის სარეზერვო ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მარტის ბოლოს SBI-ს საზღვარგარეთ 73 ფილიალი, შვილობილი კომპანია და სხვა ტიპის ოფისი ჰქონდა 29 ქვეყანაში. ბანკის საერთაშორისო საქმიანობა მოიცავს როგორც ინდურ კომპანიებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელებთან მუშაობას, ისე ადგილობრივი ბაზრების მომსახურებას.
HDFC Bank - უმსხვილესი კერძო ბანკი
HDFC Bank ინდოეთის უმსხვილესი კერძო ბანკია აქტივების მოცულობით. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მისი ბალანსის მოცულობა 43.65 ტრილიონ რუპიას შეადგენდა.
ბანკს ქვეყნის მასშტაბით 9 689 ფილიალი და 21 172 ბანკომატი ჰქონდა. მისი მომსახურებით სარგებლობენ როგორც საცალო მომხმარებლები, ისე ბიზნესკომპანიები.
HDFC Bank-ის საერთაშორისო ქსელი SBI-სთან შედარებით გაცილებით მცირეა, თუმცა ის რამდენიმე მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრშია წარმოდგენილი. 2026 წლის მარტის მდგომარეობით, ბანკს ოთხი საზღვარგარეთის ფილიალი ჰქონდა - ბაჰრეინში, ჰონგ-კონგში, დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრსა და სინგაპურში. ამასთან, წარმომადგენლობითი ოფისები აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და დიდ ბრიტანეთში.
ICICI Bank - ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საფინანსო ინსტიტუტი
ICICI Bank ინდოეთის საბანკო ბაზრის კიდევ ერთი მსხვილი კერძო მოთამაშეა. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 23.68 ტრილიონ რუპიას შეადგენდა.
ბანკს ქვეყნის მასშტაბით 7 511 ფილიალი და 12 087 ბანკომატი და ნაღდი ფულის მიმღები აპარატი ჰქონდა. მისი საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორაციულ საბანკო მომსახურებას, დაკრედიტებას, დეპოზიტებსა და სხვა ფინანსურ პროდუქტებს.
ICICI Bank საერთაშორისო ბაზარზეც არის წარმოდგენილი. ინდოეთის სარეზერვო ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მარტის ბოლოს მას საზღვარგარეთ 20 ოფისი ჰქონდა, მათ შორის ფილიალები, შვილობილი კომპანიები და წარმომადგენლობები. ბანკის საერთაშორისო საქმიანობა მოიცავს დიდ ბრიტანეთს, კანადას, სინგაპურს, ჰონგ-კონგსა და სხვა ბაზრებს.
Bank of Baroda - სახელმწიფო ბანკი საერთაშორისო ქსელით
Bank of Baroda ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ბანკია. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მისი აქტივები 20.09 ტრილიონ რუპიას შეადგენდა, ხოლო დეპოზიტები 16.48 ტრილიონ რუპიას აჭარბებდა.
ბანკს ინდოეთში 8 648 ფილიალი ჰქონდა, რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ ფართო საბანკო ქსელს აძლევს. Bank of Baroda აქტიურია საერთაშორისო მიმართულებითაც და ემსახურება ინდურ კომპანიებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელებსა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს.
ბანკის 2025-2026 წლების წლიური ანგარიშის მიხედვით, მას 15 ქვეყანაში 80 საზღვარგარეთის ფილიალი და ოფისი ჰქონდა, მათ შორის შვილობილი კომპანიების ქსელიც. საერთაშორისო საქმიანობა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრებს, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი, დუბაი და სინგაპური.