ევროპელების უმრავლესობა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მოგზაურობას გეგმავს. ევროპის ტურიზმის კომისიის (ETC) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% აპირებს, 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის მარტის ჩათვლით, მინიმუმ ერთი ღამისთევით იმოგზაუროს. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაზრდილია. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
კვლევა 10 ევროპული ქვეყნის – გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იტალიის, ბელგიის, შვეიცარიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ავსტრიის 6 000 მცხოვრების გამოკითხვას ეფუძნება. მონაცემების მიხედვით, მოგზაურობის მსურველთა 64% ევროპაში გადაადგილებას ამჯობინებს. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია და გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს. ამასთან, გამოკითხულთა 53% სამხრეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მონახულებას გეგმავს.
მოგზაურობისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი საშობაო არდადეგები იქნება – გამოკითხულთა 23% სწორედ დეკემბერში აპირებს მოგზაურობას. იანვრის შემდეგ ტურისტული ინტერესი კვლავ გაიზრდება: თებერვალსა და მარტში მოგზაურობას რესპონდენტთა 29% გეგმავს. კვლევის თანახმად, ევროპელების 54%-ს ასევე იზიდავს ნაკლებად ცნობილი ან მასობრივი ტურისტული მარშრუტების მიღმა არსებული მიმართულებები.
მოგზაურობის დაგეგმვისას მთავარ მოტივაციას დასვენება წარმოადგენს, რასაც გამოკითხულთა 71% ასახელებს. პოპულარულ არჩევანს შორისაა ქალაქებში მოკლე მოგზაურობა (19%), კულტურული და ისტორიული ადგილების მონახულება (18%), ასევე მზისა და ზღვის სანაპიროზე დასვენება (18%).
მიუხედავად მოგზაურობის მაღალი ინტერესისა, პოტენციური ტურისტებისთვის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად ფინანსური მდგომარეობა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა რჩება. გამოკითხულთა 37% ფინანსურ შეზღუდვებს, ხოლო 23% გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. დანიშნულების ადგილის შერჩევისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უსაფრთხოებაა.