23-დღიანი მოგზაურობა, რომელშიც მხოლოდ 48 სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, სან-ფრანცისკოდან სეულის, შრი-ლანკის, ზანზიბარის, ეგვიპტისა და საფრანგეთის რივიერას მიმართულებით განხორციელდება; პროგრამა მოიცავს ექსკურსიებს კერძო იახტებით, უნიკალურ კულტურულ გამოცდილებებსა და განთავსებას მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ სასტუმროებში.
ფუფუნების ბრენდ Four Seasons–ს მოგზაურობა ახალ დონეზე აჰყავს კერძო თვითმფრინავით მსოფლიოს გარშემო 23-დღიანი ტურით. 2028 წლის მაისში დაგეგმილი ახალი მარშრუტი სტუმრებს სან-ფრანცისკოდან სეულის, შრი-ლანკის, ზანზიბარისა და საფრანგეთის რივიერას მიმართულებით წაიყვანს. მოგზაურობის განმავლობაში მათ ელიტური კულტურული გამოცდილებები, იახტით გასეირნებები და სასტუმროების ჯგუფის ყველაზე პრესტიჟულ ობიექტებში განთავსება ელოდებათ.
Four Seasons-ის პირველმა კერძო თვითმფრინავმა ოპერირება 2015 წელს დაიწყო, ხოლო მისი ამჟამინდელი, სპეციალურად აწყობილი Airbus A321LR, ექსპლუატაციაში 2021 წლის დასაწყისიდან არის.
მარშრუტი „სანაპიროები და კულტურა“ 6-დან 26 მაისამდე განხორციელდება და მასში მონაწილეობას მხოლოდ 48 სტუმარი შეძლებს; თუმცა, ისეთი პრემიუმ კლასის ბრენდის შემთხვევაში, როგორიც ეს არის, გასაკვირი არ არის, რომ მოგზაურობა საკმაოდ ძვირი დაჯდება — ბილეთების ფასი ერთ ადამიანზე 213 000 ევროდან იწყება. თუმცა, თუ ამის საშუალება გაქვთ, ეს საკმაოდ ჯადოსნური გამოცდილება იქნება. „კონცეფციით „სანაპირო ზოლები და კულტურა“ ჩვენ ერთ მოგზაურობაში ვაერთიანებთ ისეთ მიმართულებებს, რომელთა ერთად მონახულებაც იშვიათად არის შესაძლებელი. ეს ქმნის აღტაცებისა და აღმოჩენების მომენტებს, სტუმრებს კი უხსნის გზას ისეთი გამოცდილებებისკენ, რომელთა არსებობასაც, შესაძლოა, ვერც კი წარმოიდგენდნენ. ამ ყველაფრის საფუძველში კი დევს გულწრფელი ზრუნვა და ყურადღებიანი მომსახურება — ის, რაც Four Seasons-ის განმასხვავებელი ნიშანია“, — განაცხადა მარკ სპაიხერტმა, Four Seasons-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომერციულმა დირექტორმა.