2026 წლის იანვრიდან 17 ადამიანით გაიზრდება იმ საჯარო მოხელეების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან აიღებენ. ხელფასებისთვის საჭირო თანხა კი, ჯამში 8 მილიონით იზრდება.
აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალ წელს დასაქმებულთა რაოდენობა 3 408-ს ნაცვლად იქნება 3 425. შრომის ანაზღაურებისთვის, ანუ ხელფასებისთვის კი, მთლიანობაში 82 435 700 ლარი დაიხარჯება [2025 წელს ხელფასებისთვის 74 427 000 ლარია გაწერილი].
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:
- აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის დაიხარჯება 6 296 600 ლარი
- აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია – 1 412 800 ლარი
- აჭარის მთავრობა – 3 432 500 ლარი
აჭარაში ხუთი სამინისტროა, რომელთაგან ხელფასებისთვის ყველაზე მეტი თანხა კულტურის სამინისტროსთვისაა გამოყოფილი – 28,6 მილიონი ლარი – ესაა ჯამში სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა.
აჭარის სამინისტროები და ხელფასებისთვის განსაზღვრული თანხა:
- აჭარის კულტურის სამინისტრო – 28 663 900 ლარი
- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 12 982 800 ლარი
- აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 12 854 100 ლარი
- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 11 019 200 ლარი
- აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 5 773 900 ლარი
ხელფასები იზრდება იმ საჯარო მოხელეებისთვისაც, რომლებიც ხელფასს ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ. საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომუშავეთა რაოდენობა მომავალი წლისთვის მცირდება 241 ადამიანით, ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა კი 280,6 მილიონი ლარით იზრდება.
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მომუშავეთა რიცხოვნობა იქნება 116 ათას 763 ადამიანი, ხოლო მათი ხელფასებისთვის ჯამში გამოიყოფა 3 მილიარდ 315 მილიონ 651 ათას 500 ლარი.
საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მომუშავეთა რაოდენობა არის 117 ათას 4 ადამიანი, მათი ხელფასებისთვის კი გაწერილია 3 მილიარდ 34 მილიონ 999 ათას 800 ლარი.
2026 წლის იანვრიდან „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.
მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] 2026 წლიდან 16 000 ლარი იქნება [წელს არის 14 600 ლარი]. ხოლო მინისტრის ხელფასი 2026 წლიდან იქნება 13 600 ლარი [ნაცვლად 12 410 ლარისა].
13 600 ლარამდე გაიზრდება აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძისა და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელფასებიც.
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი იქნება. 2025 წელს აღნიშნული სარგო 1 460 ლარით იყო განსაზღვრული.
საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა კი პირდაპირ კავშირშია თანამდებობის პირების ხელფასებთან, რადგან, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით“.