2027 წლის 1 იანვრიდან შემოსავლების სამსახურის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების (Advance Ruling) გამოცემის მომსახურების საფასური გაიზრდება, შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის №251 დადგენილებით დამტკიცდა.
BDO-ს საკანონმდებლო მიმოხილვის მიხედვით, ახალი რეგულაციით, იურიდიული პირებისთვის წინასწარი გადაწყვეტილების მიღების საფასური 10 ათასი ლარიდან 20 ათას ლარამდე გაიზრდება, ხოლო რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ღირებულება 5 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე მოიმატებს.
ცვლილების მიხედვით, ფიზიკური პირის რეზიდენტობის სტატუსი განისაზღვრება იმ კალენდარული (საგადასახადო) წლის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებს წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარდგენას.
ახალი ტარიფები არ შეეხება იმ განაცხადებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურში 2027 წლის 1 იანვრამდე იქნება შეტანილი - მათზე მოქმედი საფასური შენარჩუნდება.
ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებების საფასურებსა და შესაბამის განაკვეთებს განსაზღვრავს.