კანადის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტი 28.2%-ით გაიზარდა — აშშ-ის პროდუქციის წილი მკვეთრად შემცირდა
კანადის მიერ ამერიკული ღვინის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ქართული ღვინის მიწოდება კანადურ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს საქართველოდან კანადაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 1.58 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 1.23 მილიონ დოლარს შეადგენდა. ზრდამ 28.2% შეადგინა, რის შედეგადაც საქართველომ კანადის ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-19 პოზიცია დაიკავა.
ამერიკის ღვინის ეკონომიკის ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, კანადის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციაზე შეზღუდვები დააწესა. შედეგად, 2024-2025 წლებში ამერიკული ღვინის იმპორტის ღირებულება 431.02 მილიონი დოლარიდან 99.94 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც 76.8%-იან კლებას წარმოადგენს.
ამერიკული ღვინის შემცირებული მიწოდებით ძირითადად ევროპულმა მწარმოებლებმა ისარგებლეს. საფრანგეთიდან იმპორტი 12.7%-ით გაიზარდა და 601.13 მილიონ დოლარს მიაღწია, იტალიის შემთხვევაში ზრდამ 6.6% შეადგინა და მოცულობამ 509.83 მილიონ დოლარს მიაღწია. ასევე მოიმატა ესპანური ღვინის იმპორტმა — 10.2%-ით, 148.18 მილიონ დოლარამდე.
ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სხვა ქვეყნებიდანაც: ავსტრალიიდან იმპორტი 18.4%-ით, ახალი ზელანდიიდან 16.6%-ით, ხოლო ჩილედან 24.1%-ით გაიზარდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, კანადის ბაზარზე საკუთარი წილი გაზარდა, ამერიკული ღვინის შემცირებული მოცულობის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. 2025 წელს კანადის ღვინის მთლიანი იმპორტი 7%-ით შემცირდა და 1.93 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მიუთითებს, რომ აშშ-ის პროდუქციის შემცირების ნაწილი ბაზარზე საერთოდ არ ანაზღაურებულა.