კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 70.94 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს თითქმის 2 მილიარდი ლარით (3%-ით) მეტია ნოემბრის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.71% -ით მეტი).
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 729 მლნ ლარით (1.82%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.24 მლნ ლარით (4.29%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 3.95%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.18%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 20.38 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.31%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 5.01 %-ით მეტი).
2025 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.87%-ით, ანუ 674.24 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 36.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.60% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.584 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.51 პროცენტული პუნქტით).