საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 66.93 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.23 მილიარდი ლარით, 1.87%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.82%-ით მეტი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 15.78% შეადგინა.

დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 447 მილიონი ლარით, ანუ 1.42%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.41%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.68 მილიარდი ლარით, ანუ 5%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.79%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 52% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.21 პროცენტული პუნქტით).

დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.49% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.34%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.6%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.3% , ხოლო ევროს წილმა 20% შეადგინა.