ყველის ბაზრის 60% „ჩრდილშია“, არალეგალური წარმოება და ფალსიფიკაცია კი, დარგს ანადგურებს - ამის შესახებ BMG-სთან „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კონიაშვილი აცხადებს.

როგორც კონიაშვილი განმარტავს, რძის სექტორში არსებული კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ნაწილი არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა, რადგან წლებია, ქვეყანაში პარალელური ბაზარი ჩამოყალიბდა, რომელიც არც გადასახადებს იხდის და არც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს იცავს.

კახა კონიაშვილის თქმით, არალეგალურ საწარმოებთან ბრძოლა „კატა-თაგვობანას“ თამაშს ჰგავს, რადგან, ეს საწარმოები ხშირად, ფიზიკურ პირებზეა რეგისტრირებული და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ადგილმდებარეობის შეცვლა.

„ძალიან რთულია მათი მიდევნება. დღეს რომ მიხვიდეთ და დახუროთ საწარმო, ხვალ ის უცებ გაჩნდება მეორე ოთახში, სხვა ადამიანის სახელით. ეს არის იატაკქვეშა ქსელი, რომელიც სისტემურ კონტროლს არ ექვემდებარება“, - განმარტავს კონიაშვილი.

მისივე თქმით, არალეგალური წარმოების თანმდევი პროცესი ფალსიფიკაციაა - ბაზარზე ხშირად გვხვდება პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისთვის ყველია, რეალურად კი რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმების ნაზავს წარმოადგენს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას აგრარულ ბაზრებსა და გარე ვაჭრობის ობიექტებში, სადაც პროდუქციის წარმომავლობისა და შემადგენლობის გადამოწმება ფაქტობრივად შეუძლებელია.

კახა კონიაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რძე ძვირია და თეორიულად დარგი ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ყველანაირ მოტივაციას კლავს.

„როგორც ინვესტორმა, რატომ უნდა ჩავდო ფული დარგში, სადაც გვერდით მყავს არალეგალი მეწარმე? ის უბრალოდ გაცამტვერებს, რადგან ყოველთვის ჩემზე იაფად გაყიდის პროდუქტს, რადგან არ იხდის გადასახადებს და არ ხარჯავს ფულს უვნებლობის სტანდარტებზე. სწორედ ამიტომ ფერმებში დიდი ინვესტიციები არ შედის“, - აცხადებს “რძის პროდუქტების ასოციაციის” ხელმძღვანელი.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ საწარმოების ძებნა შედეგს ვერ გამოიღებს და კონტროლი რეალიზაციის ადგილებშიც უნდა გამკაცრდეს.

რძის პროდუქტების მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უფრო მკაცრი გახდება ჩრდილოვანი სექტორის მიმართ, რადგან ამ შემოსავლების ლეგალიზაციით არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ქვეყნის ბიუჯეტიც მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს.

bm.ge