ევროკავშირმა, მეოცე სასანქციო პაკეტის ფარგლებში, შესაძლოა, ყულევის პორტი დაასანქციროს, - ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა.

ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 19 სასანქციო პაკეტს მოიცავს. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ შეზღუდვებს.

სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პასუხად და ამ სანქციების ძირითადი მიზანი რუსეთის მთავრობასა და მის ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერებაა.

ცნობისათვის, ყულევის ნავთობტერმინალს ფლობს და მართავს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი კომპანია „შავი ზღვის ტერმინალი“.

„რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, ყულევის პორტის სანქცირების საჭიროება ასეა დასაბუთებული:

„[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

რა გავლენას მოახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ის ფაქტი, თუკი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დასანქცირდება? – ამ თემაზე “ბათუმელები” საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტს, მეგი ბენიას ესაუბრა.

  • აქამდე ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ დაასანქცირეს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები. პირველი შემთხვევაა, როცა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ობიექტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ დასანქცირების რისკი დგას. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?

პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება ასეთი ტიპის აქტივობა არსებობდეს, მაგალითად, სახელმწიფოს ცოდნის მიღმა.

ვუშვებ, რომ შეიძლება მართლა არსებობდეს რაღაც ისეთი, როცა რაღაც გამორჩათ. მაგრამ აქ შემოდის მეორე საკითხი – როგორ იქცევიან სახელმწიფო სტრუქტურები, როდესაც ფაქტს გამოავლენენ ან რაღაც ეჭვი უჩნდებათ.

სახელმწიფო სტრუქტურებს ევალებათ მკაცრი რეაგირება მოახდინონ, დაიწყონ გამოძიება და დასავლელ პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან ითანამშრომლონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა არ გახდეს ასე ვთქვათ „შავი ხვრელი“, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას რუსეთისთვის ან რუსეთთან დაკავშირებული პირების ან ორგანიზაციების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის.

პირველ რიგში, რეპუტაციულად ეს არის დიდი დარტყმა, რადგან გამოდის, რომ იმდენად სუსტი ხარ, ვერ ახერხებ გააკონტროლო შენს ტერიტორიაზე არსებული აქტივობები, მოაქციო სამართლებრივ ჩარჩოში და გქონდეს სწორი, სამართლებრივი რეაგირება.

რაც შეეხება საერთაშორისო განზომილებას. ჩვენ ისედაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, ეს ფაქტი კი, ალბათ, უფრო გაართულებს ამ მდგომარეობას, განსაკუთრებით რეგიონული უსაფრთხოების და შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. ეს მიმართულება ამ ეტაპზე ფაქტობრივად გაჩერებულია, სანქცირება კიდევ ერთი ნეგატიური დამატება იქნება.

და მაინც, თუ ეს მოხდა, ეს იქნება დადასტურება იმის, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს გამართულად მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტები.

  • როგორ და რატომ ჩნდებიან პორტები სანქცირებულთა სიაში?

ეს არის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის თემა.

რუსეთი ცდილობს, რომ სანქციების გვერდის ავლით მოახერხოს საკუთარი პროდუქციის – ნავთობის, თხევადი გაზის რეალიზაცია და ამას აკეთებს ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებით.

საჯარო წყაროების მიხედვით, ამ სქემაში ჩართულია როგორც ჩინური, ასევე ირანული მხარე. ნავთობტანკერებს უცვლიან სახელს, არეგისტრირებენ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნების დროშების ქვეშ და ისე ოპერირებენ. ის პორტი, რომელიც ასეთ სქემაში ჩართულ გემებს მიიღებს ან მოემსახურება, ბუნებრივია, შეიძლება აღმოჩნდეს სანქციების საფრთხის ქვეშ.

კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თუ დასაწყისში, როდესაც რუსეთი ცდილობდა, ჩრდილოვანი ფლოტი გამოეყენებინა, რთული იყო ამ გემების იდენტიფიცირება, დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა გემები თავისი კლასიფიკაციებით, საზღვაო სპეციალისტებმა უფრო კარგად იციან ეს ყველაფერი. რადგანაც მოხდა ამ გემების იდენტიფიცირება, შესაბამისად, არსებობს სანქციათა სხვადასხვა პაკეტები.

  • თქვენი აზრით, როგორ მივიდა ყულევის ნავსადგური სანქციების რისკამდე და თქვენი დაკვირვებით, ამას რამე ობიექტური მტკიცებულება თუ უძღოდა წინ?

იმაზე მეტი ინფორმაცია და მტკიცებულება, რაც მედიაში ვრცელდება, არც სხვამ იცის. რაც შეეხება თვითონ პროცედურას და მტკიცებულებების საკითხს, მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი საკმაოდ ბიუროკრატიული ორგანიზაციაა. მინიმალურია ალბათობა, რომ კარგი გამოძიებისა და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, სახელობითად რომელი ობიექტი ან სუბიექტი შეიძლება მოხვდეს სანქციების ქვეშ.

ევროკავშირის ბუნებიდან გამომდინარე, თითქმის წარმოუდგენელია, რომ ეს არ ყოფილიყო ხანგრძლივი დაკვირვების შედეგი.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯერ არ ვიცით, ნამდვილად მოხვდება თუ არა ყულევის ნავსადგური სანქციების ქვეშ, მაგრამ თუ დადასტურდა, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე.

თუმცა რა არის ეს მტკიცებულებები და კონკრეტულად რა ტიპის აქტივობაში არის ჩართული ყულევის პორტში არსებული ინფრასტრუქტურა, ეს კიდევ ცალკე საკითხია და იმედია, ამაზე უფრო მეტს გავიგებთ.

  • ახლა რას უნდა აკეთებდეს „ქართული ოცნების“ მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისათვის, რომ პორტი არ დასანქცირდეს?

რთულად პასუხგასაცემი კითხვაა, რადგან ასეთ მოცემულობაში ჩვენ, როგორც ქვეყანა, აქამდე არასოდეს ვყოფილვართ. მე არც მახსენდება და დარწმუნებული ვარ, ჩემს უფროს კოლეგებსაც არ გაახსენდებათ ალბათ მსგავსი.

ნორმალურ ვითარებაში ეს ჩაითვლებოდა ერთ-ერთ კრიზისულ სიტუაციად, საიდანაც გამოსავლის ძიებაში აუცილებელი არის უწყებათაშორისი კოორდინაცია, რაც უნდა განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ. ეს ორგანო ჩვენ დღეს არ გვაქვს საქართველოში, იმიტომ, რომ გააუქმეს.

სახელმწიფო უწყებები რომ მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა და ფუნქციონირებდნენ ისე, როგორც საჭიროა, სანქცირების რისკი არ დადგებოდა. დარწმუნებული ვარ ყულევის ინტერესი არავის არ ჰქონდა ასე კონკრეტულად. სწორედ ესაა – თუ სახელმწიფო უწყებები მუშაობენ სწორად, კოორდინირებულად, გამართულად, ასეთი რაღაც არ ხდება.

მე რომ ვიყო სტრატეგიული გადაწყვეტილების მიმღები პროცესის ნაწილი სახელმწიფო სტრუქტურაში, ვიცოდე, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ და უცებ დაფიქსირდა ასეთი ლაფსუსი, ჩავთვლიდი, რომ ეს არის კრიზისი, კრიზისული სიტუაცია და ვირეაგირებდი შესაბამისად. სამწუხაროდ, ასეთი მოლოდინი, ამ ეტაპზე, სახელმწიფო უწყებების მიმართ არ მაქვს.

  • თუ დავუშვებთ, რომ ევროკავშირის სანქციებში მოექცევა ყულევის ტერმინალი, ეს სანქციები როგორ მოახდენს გავლენას შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე? რა შეიცვლება NATO-ს წევრ ქვეყნებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ან კრიზისის მართვის ოპერაციების კუთხით?

რაც შეეხება წმინდად უსაფრთხოების თემას, სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად თანამშრომლობითი მექანიზმები ნულოვან ნიშნულამდეა დასული შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. თუ არ ჩავთვლით იქ რაღაც კონკრეტულ ინიციატივებს, რაც იყო ანტისანაღმო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ეს ნაკლებად ეხებოდა ხოლმე ქართულ მხარეს. ვგულისხმობ – ომის მიმდინარეობის დროს.

ამაში ჩართული იყვნენ ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, ნაწილობრივ – საქართველო, მაგრამ შემდგომ უკვე – აღარ, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

მეტად საინტერესოა თავად ევროკავშირის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. გასული წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა მიიღო შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც იყო უპრეცედენტო დოკუმენტი, იმიტომ, რომ თუ არ ჩავთვლით ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც ერთ სხვა დასავლურ ორგანიზაციას არა აქვს შავი ზღვის სტრატეგია.

ეს სტრატეგია გულისხმობდა მაქსიმალურ ეკონომიკურ ჩართულობას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებს შორის.

ამ სტრატეგიაში იყო დათქმა, რომ ის თანამშრომლობა და სარგებელი, რომელიც შეიძლება ამ პროექტებმა მოიტანოს, საქართველოს შეეხება მაშინ, როდესაც ის დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას.

ახლა წარმოიდგინეთ პორტი, რომელიც მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, რომ მოხვდეს ევროკავშირის სანქციების ქვეშ, რამდენად ჩამოშორდება საქართველო დასავლურ ორბიტას და დასავლურ ხედვას რეგიონის მიმართ.

რას ნიშნავს პრაქტიკულ დონეზე სანქცირებული პორტი? ეს ნიშნავს რომ ევროკავშირი ამ პორტს ვერ იყენებს, ვერ ოპერირებს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირს განსაკუთრებული ჩართულობა არ ჰქონია საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით, დასავლეთის სახელმწიფოებს, ნატოს, ამერიკას გაეზარდა ჩართულობა შავ ზღვაში, უფრო მეტი ყურადღება მიექცია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.

ახლა გამოდის, რომ ფაქტობრივად დასავლეთის სახელმწიფოებს აიძულებ თავი აარიდოს შენი საზღვაო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამოყენებას.

რუკას რომ დახედო – გაქვს ოკუპირებული პორტი [ოჩამჩირე], ყულევი რომ დასანქცირდეს, გექნება სანქცირებული პორტი. ეს ყველაფერი როგორ აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე? ბათუმის პორტიდან ყულევის პორტამდე 90-100 კილომეტრია. ფოთიდან ყულევამდე – დაახლოებით 30 კმ საზღვაო გზით. მეეჭვება რომელიმე ინვესტორმა ან ეკონომიკური ინტერესების მქონე ქვეყანამ, სუბიექტმა, ორგანიზაციამ დაინტერესება გამოთქვას ბათუმში ან ფოთში რაიმე ტიპის მომსახურების მიღებაზე იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ექნება დასანქცირებული პორტი ყულევის სახით.

საქართველოს არა აქვს ამის ფუფუნება. ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული შესაძლებლობები და ამ ლიმიტირებულ შესაძლებლობებში მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, რასაც, სამწუხაროდ, ახლა არ ვაკეთებთ.

batumelebi.netgazeti.ge