საქართველოში, ექსპლუატაციაში არსებული ქვესადგურების უდიდესი ნაწილი ძალიან დიდ ინვესტიციებს საჭიროებს - ამის შესახებ BMG-სთან ინჟინერიისა და მშენებლობის კომპანია „ბემონის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა საუბრობს.
მისი თქმით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემების გამო, ქსელთან მიერთება დეველოპერებისთვის დიდი გამოწვევაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია შესაბამისი ანალიზის ჩატარება.
„ისტორიულად, ძალიან დიდი პრობლემები დაგროვდა ამ მიმართულებით და ამის გამოსწორების ერთადერთი ხსნა არის სწორი ანალიზი - სად რა შესაძლებლობები აქვს სისტემას ელექტროენერგიის მისაღებად, რომელი ქვესადგურია მზად X რაოდენობის ელექტროენერგიის მისაღებად, სად უნდა აშენდეს ახალი ხაზები ან იგივე იმ ხაზებზე, რომელიც დღეს ექსპლუატაციაშია, რა შესაძლებლობები არსებობს.
ამის პანაცეა არის ერთადერთი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს - ეს არის შესაძლებლობების დეტალური ანალიზი და მომავალ წლებში, დეტალური დაგეგმვა - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ახალი ქვესადგურების, ახალი ხაზების მშენებლობის კუთხით, არსებული ხაზებისა თუ ქვესადგურების რეაბილიტაციის კუთხით. იმიტომ, რომ საქართველოს ქვესადგურების უდიდესი ნაწილი, რომელიც ექსპლუატაციაშია, საჭიროებს ძალიან დიდ ინვესტიციებს. მარტივად რომ ვთქვათ, საჭიროა შიგთავსის გამოცვლა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაყენება“, - ამბობს გიორგი მირცხულავა BMG-სთან.
მისივე თქმით, საჭიროა ინვესტორებისა და პროექტების დეტალური ანალიზი და პრიორიტეტი „ძლიერ ინვესტორებს“ მიენიჭოთ, რომლებიც, პროექტების რეალურად განსახორციელებლად მზად არიან.
„წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ გარკვეული პროექტი. მზად ხართ, რომ მშენებლობა დაიწყოთ. გაწერილი გაქვთ, რომ ორ-სამ წელიწადში ეს პროექტი დასრულდება და ამ დროს, იქ, ქვესადგური სავალალო მდგომარეობაშია. ან პირიქით - იმ ქვესადგურზე გაცემულია იმდენი ტექ-პირობა, რომ ფიზიკურად ადგილიც კი არ არის. ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ, უნდა გააანალიზდეს, ასე ვთქვათ, არასწორი ინვესტორების [საკითხი], რომლებსაც, არც გეგმა აქვთ, არც დაწყების შესაძლებლობა. უნდა მოხდეს მათი გამოყოფა და იმ ძლიერ ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან, მშენებლობა ხვალვე დაიწყონ, ხელი უნდა შეეწყოთ.
თუკი, თქვენი ელექტროენერგიის გატანის საშუალება, სისტემაში ჩართვის საშუალება არ მოგეცათ, ფუჭია თქვენი ინვესტიცია, იმიტომ, რომ პროდუქტი უნდა გაიტანო. ამის ე.წ. ძარღვი კი, არის გადამცემი ხაზი, ქვესადგური და შემდეგ სისტემა“ - ამბობს გიორგი მირცხულავა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გადამცემ ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ძირითადი სუსტი და პრობლემატური ელემენტებია:
- 500 კვ ეგხ „იმერეთი“;
- 500 კვ ეგხ „ზეკარი“;
- 500 კვ ეგხ „კავკასიონი“; 400 კვ ეგხ „მესხეთი“; 220 კვ ეგხ „ალავერდი“;
- აჭარა-აფხაზეთი რეგიონების კვების საიმედოობა;
- კახეთის რეგიონის კვების საიმედოობა;
- შიდა ქართლის ქსელის საიმედოობა;
- 220 კვ ეგხ „კოლხიდა-3“;
- ენგურის აგრეგატები;
- ბლოკი N9.
პრობლემების აღმოსაფხვრელად, ჰესების ქსელში ინტეგრაციისთვის და ტრანზიტის უნარის ასამაღლებლად, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში რამდენიმე პროექტია გათვალისწინებული.