საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მლრდ. დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ია. საკითხზე კვლევას IDFI ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, საქართველოდან რეექსპორტზე ავტომობილები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. ძირითადად ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადის. ორივე ქვეყნის წილი, ავტომობილების მთლიან ექსპორტში 81%-ს შეადგენს (981 მლნ. დოლარი)

IDFI-ში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება ყირგიზეთზე, სადაც მხოლოდ მიმდინარე  წლის 6 თვეში 600 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ეს კი მაშინ როდესაც რამდენიმე წლის წინ ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტი რამდენიმე მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. აგალითად 2021 წელთან შედარებით ზრდა 12,828%-ია (გაიზარდა 129-ჯერ). იანვარ-ივნისში  საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტზე იმაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა, ვიდრე ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის მხოლოდ 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტით ყირგიზეთში 19,663 ცალი ავტომობილი გავიდა, თითო ერთეულის საშუალო ღირებულება კი დაახლოებით 32 ათას დოლარს შეადგენს - რაც მიანიშნებს, რომ ყირგიზეთში რეექსპორტზე გატანილი ავტომობილები უმეტესად მაღალ საფასო კატეგორიაშია. ავტომობილების რეექსპორტით მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც წლის პირველ 6 თვეში 353.2 მლნ. დოლარის ავტომობილები გავიდა. 2021 წლის საწყის 6 თვეში  ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტი მხოლოდ 5.4 მლნ დოლარს შეადგენდა. ჯამში 2025 წლის 6 თვეში ყაზახეთში 20,215 ავტომობილი შევიდა საქართველოს დერეფნის გავლით - თითო ავტომობილის საშუალო ღირებულება კი ყირგიზეთთან შედარებით დაბალია და 17,473 დოლარს შეადგენს.

IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, ავტომობილების რეექსპორტის დანიშნულების ქვეყნების ხუთეულშია სომხეთი, სადაც რეექსპორტმა პიკს 2023 წელს მიაღწია, თუმცა, მას შემდეგ, ტრენდი მცირდება. კერძოდ, სომხეთში 2025 წლის პირველ 6 თვეში 25.6 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, მაშინ, როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 184.8 მლნ. დოლარი იყო, ხოლო 2021-ში კი - 2 მლნ. დოლარი.

საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ტაჯიკეთი და უზბეკეთიც, რომლებიც ცენტრალური აზიის დაბალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს წარმოადგენენ და სადაც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ბოლო ხუთ წელში 700-900%-იან ზრდას აჩვენებს.