ოქტომბერში, არჩევნების წინ, მთავრობა ჯანდაცვის სისტემის განვითარების ახალ, 4-წლიან გეგმას წარადგენს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

„სამომავლოდ დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები. სისტემას ჰყავს ახალი მინისტრი და მას მინდა მადლობა გადავუხადო ენთუზიაზმით მუშაობისთვის. ჩვენ ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ წარვადგენთ ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც მიზნად დაისახავს ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,“ - განაცხადა კობახიძემ და ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის აქტიურ კომუნიკაციას პაციენტებთან და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან.

„ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან და ასევე პაციენტებთან ინტენსიური კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ მადლობა ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ მას აქვს ძალიან აქტიური და ცოცხალი კომუნიკაცია როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე პაციენტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მათ ინტერესებს,“ - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს ჯანდაცვის სექტორის განვითარების 8-წლიანი სტრატეგიული დოკუმენტი - „საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია“.