2026 წელს მოსალოდნელია მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს, ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Galt & Taggart-ის გათვლებით, წელს 35 000 ბინის მშენებლობა დასრულდება, მაშინ როცა, გასულ წლებში 20 000 და უფრო ნაკლები იყო. 2025 წლის წინასწარი მონაცემებით კი, 18 000.

2027 წელს შემცირებას დაიწყებს დასრულებული ბინების რაოდენობა და 27 000 იქნება, 2028-29 წლებში კი კიდევ უფრო ნაკლები - 25 000.

Galt & Taggart-ი მიიჩნევს, რომ 2026 წლისთვის ბათუმში 18 000 მშენებარე ბინა დასრულდება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისთვის, 2025 წელს ბათუმში 13 000 ბინის მშენებლობა დასრულდა.

2025 წელს ქვეყნის მასშტაბით გაცემულია 11.4 მლნ კვ.მ ფართობზე მშენებლობის ნებართვა, მათი 77% საცხოვრებელ შენობებზე მოდის, 8% - სამრეწველო და სასაწყობო შენობებზე, 5% - სასტუმროებზე, 4% - სავაჭრო ობიექტებზე, ხოლო 6% - დანარჩენ სხვაზე. ყველაზე დიდი რაოდენობით მშენებლობის ნებართვები გაცემულია თბილისში (6.4 მლნ კვ.მ), შემდეგ მოდის აჭარა - 3.1 მლნ კვ.მ-ზე. დანარჩენი 1.9 მლნ კვ.მ კი - დანარჩენ რეგიონებზე მოდის.