„კანონები, რომლის მიღებაც უნდათ, ნიშნავს, რომ ყველანაირი განსხვავებული აზრის გამოთქმას ძირშივე ვკლავთ და მაშინ სადღა არის თავისუფლება?!“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ICR ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში თავისუფლება ქრება ყველგან, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ინსტიტუციები არ მუშაობს, პროფესიონალი კადრები კი ქვეყნიდან მიდიან.
„35 წლის განმავლობაში ყველა მთავრობის ხელში მომიწია ბიზნესის კეთება და ერთადერთი, რაზეც არსებული მთავრობა აპელირებს, არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ბიზნესი ისეთი თავისუფალია, როგორიც არასდროს ყოფილაო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ბიზნესი თავისუფალია, ხელშეუხებელია, მე ვხედავ, რომ თავისუფლება ბევრს სხვანაირად ესმის.
რა არის თავისუფლება? - თავისუფლება არის იმ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები მუშაობს, კანონი ყველასთვის ერთია, მზად არის ორივე მხარე კრიტიკაც მოისმინოს, დისკუსიაშიც შევიდეს. კანონები, რომლის მიღებაც უნდათ, ნიშნავს, რომ ყველანაირი განსხვავებული აზრის გამოთქმას ძირშივე ვკლავთ და მაშინ სადღა არის თავისუფლება?! თავისუფლება ქრება ყველგან, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ინსტიტუციები არ მუშაობს, პროფესიონალი კადრების გადინება ხდება.
ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ არცერთ პროფესიონალ კადრს ამ ქვეყანაში დარჩენა აღარ უნდა. ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან და სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ინვესტორებს ჩვენთან საუბარი აღარ უნდათ. იმიტომ, რომ ჩვენთვის, ქართული ბიზნესისთვის პროგნოზის და ინვესტიციის გაკეთება ხდება რთული. ამ ვითარებაში რომელი უცხოელი ინვესტორი დაინტერესდება რამე პროექტის განხორციელებით?!“,- აღნიშნა კახა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, გრანტების შესახებ კანონი გამკაცრდება და კანონდარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. ამასთან, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე „ლობიზმიც“.
ამასთან, დაგეგმილი ცვლილებებით, დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40 000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ეს საკანონმდებლო პაკეტი 1-ლი მოსმენით უკვე მიიღო. ამასთან, როგორც პროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცესში გადაწყდა, მეწარმეებთან დაკავშირებული ინიციატივა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს და მეწარმე სუბიექტებს პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება.