თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ატონ ოსმან ბოირაზს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა ტრანსპორტის, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის — შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონული კავშირების გაღრმავებისა და გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უკვე იქცა შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილად და ხელს უწყობს სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობისა და დივერსიფიკაციის ზრდას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის, პორტების განვითარების, საბორნე და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ამ სფეროში ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარებას. 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად ორ ქვეყანას შორის გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 615 050 ერთეული მგზავრი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,9%-ით მეტია.
შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ თანამშრომლობა ტრანსპორტის სექტორის ყველა მიმართულებით და გააღრმავონ პარტნიორული ურთიერთობები, რაც ემსახურება რეგიონის სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და ევროპა-აზიის დაკავშირებადობის გაძლიერებას.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს