გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თბილისის ახალგახსნილ შენობას ეწვია, სადაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა მინისტრს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად გაუმჯობესებული სამუშაო პროცესი გააცნო.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტი პროცესია.
„ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება მოიცავს არაერთ მიმართულებას, ესენია გამართული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკური აღჭურვილობა; ლაბორატორიებში მუდმივად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ვალიდურია. ჩვენი ლაბორატორიის სპეციალისტები რეგულარულად გადიან სწავლებას საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორიებში”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროწარმოების ყველა ეტაპზე დროული და ზუსტი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლად გახსნილ შენობაში დამატებით მოწყობილი სამუშაო სივრცეები მნიშვნელოვნად აძლიერებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით კვლევის შესაძლებლობებს.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დროული და ზუსტი დიაგნოსტირება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აგროწარმოების ყველა ეტაპზე. ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, ჯანსაღი პროდუქციით უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ადგილობრივი ბაზარი და, ამავდროულად, ქართული პროდუქცია, საკუთარი მაღალი ხარისხით, გავხადოთ მოთხოვნადი საერთაშორისო ბაზრებზე”, - განაცხადა მინისტრმა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის ირაკლი გულედანის თქმით, გაძლიერებული შესაძლებლობები ხელს უწყობს ხარისხიან და ეფექტიან კვლევებს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ირაკლი გულედანმა ასევე ხაზი გაუსვა ახალ ლაბორატორიულ სივრცეში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირების ხარისხის შემოწმების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია გარემოსდაცვით პოლიტიკაში და ხელს უწყობს ე.წ. მწვანე სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვას.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შედის თბილისის ცენტრალური, ორი ზონალური (ქუთაისსა და ახალციხეში) და 10 რეგიონული ლაბორატორია. ლაბორატორიებში ხორციელდება სურსათის, სასმელი წყლის კვლევა, ასევე, ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ფლობს ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიის სტატუსს. რის საფუძველზეც, ლაბორატორიას ეძლევა უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენტული გამოცდები სადაო საკვლევ ნიმუშებზე.
ლაბორატორია ფლობს ISO/IEC 17025:2017 აკრედიტაციას და კვლევებს ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს