ჭიათურაში, მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ გათავისუფლებული მაღაროელები ჭიათურაში მე-16 დღეა აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის დაწყებიდან მათი პრობლემით არავინ არ დაინტერესებულა.
როგორც ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჭიათურის მანგანუმის ნაციონალიზაცია მოხდეს და ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული მოგება არა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ განკარგოს.
მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ფონდი - ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც ჭიათურის მანგანუმის 5%-იანი წილი ექნება და მიღებულ ფინანსებს ფონდი ჭიათურის განვითარებას მოახმარს.
როგორც აქციის კიდევ ერთ-ერთმა მონაწილემ ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, მაღაროელების სამსახურიდან გაშვების მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელიც მცირე ხარჯებით დიდი მოგების მიღებას გულისხმობს.
აქციის მონაწილეები ასევე არ გამორიცხავენ პროტესტის სხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადმოტანას, თუ ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოგვარების ინიციატივას არ გამოხატავს.
ცნობისთვის, მე-16 დღეა აქციის მონაწილეები წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან“ დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს.
წყარო: ipn.ge