მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასზე კვლავ ისტორიულ მაქსიმუმზეა. დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე უნციის ფასმა 3 325 დოლარს გადააჭარბა.

Gold Price-ის მონაცემებით, ფასი ბოლო ერთი თვის ჭრილში 12.78%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლიურად ოქროს ფასი 47.13%-იან ზრდას აჩვენებს.

მსოფლიოს ანალოგიურად, ფასმა მოიმატა თბილისის ოქროს ბირჟაზეც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ოქროს ბირჟაზე“ განუცხადეს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთი გრამი 999.9 სინჯის ოქრო (ე.წ. ბაჯაღლო) 25 ლარით გაძვირდა და 295 ლარს მიაღწია. ფასებმა მოიმატა როგორ იტალიურ, ასევე 585 სინჯის ოქროზე.

„მსოფლიო ბაზრებზე ოქრო ძალიან გაძვირდა, გუშინ არაადეკვატური ფასი იყო, დღეს კი ცოტა დაიწია, მაგრამ უმნიშვნელოდ. რა ფასში გავყიდოთ ოქრო, ისიც არ ვიცით, არასტაბილური მდგომარეობა. დღეს ერთი ფასია, ხვალ სხვა. შეიძლება ფასი ისე გაიზარდოს, რომ ოქროს გაყიდვა აღარ გვიღირდეს. მომხმარებელს რაც შეეხება ვისაც აუცილებლად სჭირდება მოდის და ყიდულობა, ვისთვისაც აუცილებელი არ არის, არ ყიდულობს.

რაც შეეხება ფასებს, დაახლოებით ერთი თვის წინ „ბაჯაღლო“ 270 ლარი ღირდა, ახლა კი ერთი გრამის ფასი 295 ლარს შეადგენს. ბრენდები კი უფრო ძვირი ღირს, გრამის ღირებულება 300 ლარსაც კი სცდება. 585 სინჯის ოქროს ფასი კი მინიმუმ 230 ლარიდან იწყება“ - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟაზე“.

bpn.ge