ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხი ქვეყნიდან: კამბოჯიდან, მალაიზიიდან, ტაილანდიდან და ვიეტნამიდან  იმპორტირებულ მზის პანელებზე შესაძლოა 3521%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდეს, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CNBC ავრცელებს.

ახალი ტარიფები ერთი წლის წინ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომლის შედეგადაც ამერიკულმა მხარემ ჩინური კომპანიები ბაზარზე არათანაბარ კონკურენციასა და დემპინგური ფასის წახალისებაში დაადანაშაულეს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადები განსხვავებული იქნება კომპანიებისა და ქვეყნების მიხედვით,  თუმცა მისი ზღვარი გაცილებით მაღალია, ვიდრე ტრამპის მიერ აქამდე დაწესებული ნებისმიერი ტარიფი.

ყველაზე მაღალ გადასახადს  კამბოჯელი ექსპორტიორები გადაიხდიან, რომლებმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, მათ მაქსიმალური, 3521%-იანი გადასახადი დაუწესდა. ტაილანდისთვის ეს მაჩვენებელი 1002%, ვიეტნამისთვის – 914%,  ხოლო მალაიზიისთვის – 250% იქნება.

ამავე დროს, მალაიზიაში ჩინური კომპანიის, Jinko Solar-ის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დადგინდება დაახლოებით 41%-იანი გადასახადი, ხოლო Trina Solar-ისთვის, რომელიც პროდუქციას ტაილანდში აწარმოებს- 375%.

საბოლოო გადაწყვეტილება საბაჟო გადასახადების შესახებ ივნისში გახდება ცნობილი.