შავ ზღვაში ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევის ღირებულება ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა და არსებული 200 000 დოლარიდან დაახლოებით 2,5 მილიონ დოლარამდე გაძვირდა. ამის შესახებ „ლუკოილის“ ბულგარული კომპანიების სპეციალურმა სავაჭრო მენეჯერმა, ევგენი სიმეონოვმა, ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან (BNT) განაცხადა.
მისივე თქმით, დაზღვევის გაზრდილი ხარჯები ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას აძვირებს და საწვავის ფასებზე ზრდის მიმართულებით ზეწოლას ახდენს.
ეს ზრდა შავ ზღვაში კომერციული ნაოსნობისთვის უსაფრთხოების რისკების მატებას უკავშირდება. 6 ოქტომბერს, ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (ქალაქ ბიალას აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 საზღვაო მილის დაშორებით) განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ტოგოს დროშის ქვეშ მყოფი გემი „ალფა ვათანი“ (Alfa Watan) ჩაიძირა, ხოლო პალაუს დროშის ქვეშ მყოფი გემი „ეიბლი“ (Able) დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინელმა გემთმფლობელმა კონსტანტინ სობოლმა, მშრალი ტვირთების გადამზიდავი კომპანია „მარელის ნავიგეიშენის“ (Marelis Navigation) დამფუძნებელმა, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ სადაზღვევო პრემიები, რომლებიც გემის ღირებულების დაახლოებით 0,1%-ს შეადგენდა, ორ კვირაში 0,5%-მდე გაიზარდა და შესაძლოა 1%-საც მიაღწიოს.