სწრაფი კვების ქსელმა KFC-მ (YUM.N) ხუთშაბათს Coca-Cola-სთან (KO.N) გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში მდებარე რესტორნებში სასმელების მომწოდებელი სწორედ ეს კომპანია იქნება. ამ ნაბიჯით დასრულდა დაახლოებით ოთხი ათწლეულის განმავლობაში არსებული თანამშრომლობა PepsiCo-სთან (PEP.O).

KFC-სთან (რომელსაც აშშ-ში 3 718 ობიექტი აქვს) სასმელების მიწოდების პარტნიორობის დაკარგვა შესაძლოა სირთულედ იქცეს PepsiCo-სთვის. კომპანია აშშ-ს ბაზარზე გაზიანი სასმელების გაყიდვების გაზრდას ცდილობს, პარალელურად საჭმლის განყოფილება (სნექების მიმართულება) მაღალი ფასებისა და უფრო ჯანსაღი ვარიანტების მომხმარებელთა მოთხოვნის გამო გამოწვევების წინაშე დგას.

გაზრდილმა ხარჯებმა კიდევ უფრო გაზარდა PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორის, რამონ ლაგუარტას შეშფოთება; მან თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ზრდასა და მოგების მარჟის აღდგენას დაგეგმილზე მეტი დრო სჭირდება. პარტნიორობა დაიწყო მას შემდეგ, რაც PepsiCo-მ შეიძინა KFC, სურსათისა და საჭმელებით უზრუნველყოფის ბიზნესის გაფართოების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ PepsiCo შემდგომში 1997 წელს გამოეყო KFC-ს, ის კვლავ აგრძელებდა სასმელების მიმწოდებლის ფუნქციას მისი მშობელი კომპანიის, Yum Brands-ისთვის.

„PepsiCo-სთვის ეს უბრალოდ ცუდი სანახავია... როდესაც ასეთ ცნობილ ბრენდ-პარტნიორს კარგავ. შესაძლოა, სწორედ ეს აღმოჩნდეს ის „ბოლო წვეთი“, რომელიც კომპანიის იმიჯს საბოლოოდ დააზიანებს“, — განაცხადა ჯეი ვუდსმა, Freedom Capital Markets-ის ბაზრის მთავარმა სტრატეგმა. „ძალიან იშვიათია, რომ ერთსა და იმავე ინდუსტრიაში არსებული ორი გიგანტი ასე რადიკალურად განსხვავებული გზით წავიდეს“, — განაცხადა მან. Freedom Capital Markets-ი Coca-Cola-ს აქციებს ფლობს.

Coca-Cola-ს პროდუქცია აშშ-ში KFC-ის რესტორნებში 2027 წლის გაზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პარტნიორობის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

ვრცლად reuters – ზე