ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker“ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე „Folie culinaire“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.


სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ათასობით სტუმარს - ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებს და HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის 50-მდე სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.


ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და ტრადიციულად 5 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის ევროპის ღვინის ბაზარზე.


ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო - მარკეტინგულ კამპანიებს  ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს