2025 წლის I კვარტალში ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორში FDI წლიურად 2,8-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2024 წლის პირველ კვარტალში სექტორში 18,1 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებელი $52,3 მილიონამდე გაიზარდა.
IT სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამ ზრდას დარგის დასტაბილურებით და სექტორში ახალი კომპანიების გამოჩენით ხსნის.
"საქსტატი ითვლის არამხოლოდ ტექნოლოგიურ ნაწილს, არამედ ტელეკომუნიკაციებსაც, ამიტომ ეს მაჩვენებელი ერთობლივია. ზოგადად ამ ჭრილში ზრდა ფიქსირდება. აღნიშნული დაკავშირებულია იმასთან, რომ მოგეხსენებათ 2023 წელს პიკური შედეგი გვქონდა. მოსალოდნელი იყო, რომ 2024 წელს კლება დაფიქსირდებოდა, თუმცა უკვე დასტაბილურდა სექტორი, ახალი მოთამაშეებიც შემოდიან ბაზარზე.
ჩვენს ასოციაციაშიც რამდენიმე ახალი წევრი გვყავს, რომლებიც 2024 წლის ბოლოს შემოვიდნენ საქართველოში და სავარაუდოდ, მათი ინვესტიციაც უკვე აისახა 2025 წლის პირველ კვარტალში“,-აცხადებს bm.ge-სთან ICTA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე.