მსოფლიო ბანკმა განაახლა სიღარიბის ზღვრის მაჩვენებლები ერთ სულ მოსახლეზე დღეში 2.15 დოლარიდან 3 დოლარამდე. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლოს ეს მაჩვენებელი 2022 წელს შეიცვალა.

საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი ეფუძნება ქვეყნების მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მონაცემებს (PPP არის სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია, რადგან ქვეყნებს შორის ფასებში სხვაობაა, ერთი და იმავე რაოდენობის ფულს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს).

მსოფლიო ბანკი პერიოდულად აახლებს სიღარიბის ზღვარს, რათა ასახოს საკვების, ტანსაცმლისა და საცხოვრებლის მსოფლიო ფასების ცვლილებები. 3 დოლარის ინდიკატორი ნიშნავს, რომ ყველა, ვინც დღეში ამ თანხაზე ნაკლებით ცხოვრობს, უკიდურესად ღარიბად ითვლება.

2022 წელს დაახლოებით 838 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში. მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, 2030 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 9% უკიდურეს სიღარიბეში იქნება.