რომელ ქვეყნებში უფრო ხშირად მოგზაურობენ ქართველი ტურისტები? კითხვით ,,კომერსანტმა’’ ტურისტულ კომპანია ,,avia.ge”-ს მიმართა. კომპანიაში აცხადებენ, რომ თურქეთი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, პოლონეთი და ესპანეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ქართველი მოგზაურების ყველაზე მაღალი ინტერესი ფიქსირდება. ქალაქებიდან გამოირჩევა სტამბოლი, რომი, პარიზი, ათენი, ბერლინი, ვარშავა და ბარსელონა.
,,avia.ge”-ში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ დასვენების ტენდენციების ანალიზის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად ტურებად ზღვისპირა, “ALL INCLUSIVE” ტიპის, საოჯახო პაკეტები მოიაზრება.
ქართველი ტურისტები ამჯობინებენ კომფორტულ, მომსახურებაზე ორიენტირებულ დასვენებას, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
- ზღვისპირა მიმართულებები – თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ეგვიპტე;
- All Inclusive სასტუმროები – სავსე პაკეტები კვებით, გართობით და სერვისებით;
- საოჯახო ტურები – ბავშვებზე მორგებული ინფრასტრუქტურა: საბავშვო აუზები, ანიმატორები, ბავშვთა მენიუ და ა.შ.- ამბობენ კომპანიაში.
ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ 2025 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში ყველა თვეში დაფიქსირდა ჯავშნების რაოდენობის შემცირება წინა წელთან შედარებით.
პროცენტულად შემცირება ასე გადანაწილდა:
- იანვარი: -22.3%
- თებერვალი: -23.3%
- მარტი: -13.7%
- აპრილი: -18.3%
- მაისი: -22.7%
სულ ჯამში, 2025 წელს ამ პერიოდის ჯავშნები 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 19.86%-ით შემცირდა.
,,avia.ge"-ში განმარტავენ, რომ ივლისი და აგვისტო წლებია, რაც ქართველი ტურისტის საზაფხულო მიგრაციის ეპიცენტრად ჩამოყალიბდა. სწორედ ამ თვეებში ვლინდება ყველაზე მასობრივი ტურისტული ტალღა საქართველოდან. ტურისტულ კომპანიაში განმარტავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართველი ტურისტის სამოგზაურო ჩვევები მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის.
,,თუ ადრე მთავარი კრიტერიუმი იყო დაბალი ფასი, დღეს ქართველი მოგზაური უფრო მოქნილად უდგება ბიუჯეტის დაგეგმვას და უფრო მეტად ორიენტირებულია კომფორტზე, ხარისხზე და გამოცდილებაზე. საშუალო სტატისტიკურად, ქართველი ტურისტი მზად არის დასვენებაზე დახარჯოს 700–1,500 ევროს ფარგლებში, რაც დამოკიდებულია მიმართულებაზე, სეზონზე და მომსახურების ტიპზე. მზარდია მოთხოვნა საშუალო და პრემიუმ სეგმენტზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ევროპულ ან ეგზოტიკურ ქვეყნებზე.''- აცხადებენ ,,avia.ge"-ში.
,,კომერსანტი" დაინტერესდა დაახლოებით რა ჯდება ევროპასა და აზიაში ერთი კვირის გატარება? ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპა (პოლონეთი, უნგრეთი, პორტუგალია) უფრო ხელმისაწვდომია, მაშინ როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო ძვირად ღირებული სეგმენტია.
- ბიუჯეტური ვარიანტი: 550–950 €
- საშუალო დონე: 1,100–1,850 €
- პრემიუმ კლასის დასვენება: 2,200 €+
აზია ტურისტებს იზიდავს როგორც კულტურით, ისე ღირებულებით. მიუხედავად იმისა, რომ ფრენები შედარებით ძვირია, ადგილობრივი ფასები დაბალია, რაც მთლიან ბიუჯეტს ამსუბუქებს.
- ბიუჯეტური მიმართულებები (ტაილანდი, ვიეტნამი): 700–1,200 €
- საშუალო კატეგორია: 1,300–2,000 €
- პრემიუმ სეგმენტი (იაპონია, არაბეთის საამიროები): 2,700 €+