საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.6%-იანი მატება.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 12.6%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (12.1%);

• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.22 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.1%) და ძირითად ლითონებზე (8.5%);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

2026 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.1%), რამაც -0.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.04 პროცენტული პუნქტი შეადგინა.