"ჯეოქეისის" მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სრული ბუნდოვანებაა და ინვესტორების დასაინტერესებლად პროცესი უფრო გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

"ანალიტიკასთან" საუბრისას ნიკოლოზ ალავიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მხარეები წინასწარ ყველაფერზე კარგად შეთანხმდნენ.

"რაც უფრო მეტად ბუნდოვანია, რა თქმა უნდა, მოლოდინები უფრო ნეგატიურია. ის [ჩინური] კომპანია რომელიც შეირჩა, თავიდანვე იყო ერთ-ერთი ნომინირებული, როდესაც ანაკლიის კონსორციუმმა დაიწყო ამაზე მუშაობა და მაშინ დაიბლოკა ეს კომპანია, ზუსტად იმ მიზეზების გამო, რაც ახლა გახდა, რომ ის არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ჩინეთის ხელისუფლების ექსპანსიის.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ უფრო გამჭვირვალედ წავიდეს ეს პროცესი, დავაინტერესოთ სხვა ინვესტორებიც. არ ვიცით ხელშეკრულებაში რა ხდება, რა არის საშუალო და გრძელვადიანი გეგმები, როგორ მიყვება ამ ინფრასტრუქტურას დანარჩენი ინფრასტრუქტურის განვითარება. დავუშვათ პორტი გაჩნდა, როგორ უნდა მოხვდეს პორტამდე ტვირთი? ვიცით, ჩვენი რკინიგზა როგორი გადატვირთული და დაბალეფექტურია. ეს ინფრასტრუქტურა ვინ უნდა დააფინანსოს? [დასავლური ინვესტიციების] შანსი ყოველთვის არის, უბრალოდ ეს არ უნდა იყოს დაკეტილი. წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება, მოლაპარაკებები იყო თუ არა ან რას გულისხმობს ეს შეთანხმება. ისიც არ ვიცით, რა გუნდი მუშაობს, როგორი კომპეტენციით, ტენდერით მოხდა შემსრულებლის აყვანა. იგივე შეცდომა, რაც ანაკლიის კონსორციუმმა დაუშვა, რომ დაიწყეს დაღრმავება, კარგი განზრახვებით დაიწყეს, მაგრამ ნაჩქარევი იყო, რადგან რაღაც დროის შემდეგ პროექტი რომ ვერ განვითარდა, მათი ჩადებული ინვესტიცია ჩაირეცხა. ამიტომ, თუ ეს თუ კომპლექსურად და სრულყოფილად არ მისდევს და ყველა მხარე წინასწარ კარგად არაა შეთანხმებული, არაფერი გამოვა", - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

მან აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის საქართველოზე გავლენაც შეაფასა. ნიკოლოზ ალავიძის თქმით, ეს ვითარება იძლევა კონკურენტული უპირატესობის მოძიების და ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას. ის ყურადღებას რისკებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ მათი რეალიზაციის შემთხვევაში, ქვეყანა მზად უნდა იყოს.

"ჩვენ გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ, ამიტომ აუცილებლად უნდა შევიმჩნიოთ [სატარიფო ომები], მოვძებნოთ ჩვენი როლი აქ, რადგან ამ დროს ეძლევა პატარა ეკონომიკებს თავისი კონკურენტული უპირატესობის გამოვლენის საშუალება. საქართველოს არ ეტყობა, რომ ამას აკეთებს.

ჩინეთის გარეშე შუა დერეფანი ვერ იმუშავებს. ყველას სჭირდება ჩინეთი, მიუხედავად იმისა, ვინ ვაჭრობს გლობალურად. ტრილიონზე მეტია აშშ-ჩინეთის ვაჭრობა, თითქმის იმდენია ევროკავშირი-ჩინეთის ვაჭრობა, ყველაფერი გადაჯაჭვულია. ამ ყველაფერში ჩვენი წილიც არის, ბოლო სტატისტიკით თუ არ ვცდები 1.2 მლრდ გვაქვს ჩინეთთან, მართალია ვაჭრობის ძალიან ნეგატიური ბალანსი გვაქვს ჩინეთთან, თუმცა ამის გარეშე ჩვენც დიდი პრობლემები შეგვექმნება. ჩინეთთან ჩვენი ვაჭრობის 80% ნედლეულია, რომელიც ჩინეთში საბოლოო პროდუქციის სახეს იღებს და შემდეგ მიდის ექსპორტზე. ანუ დიდ ჯაჭვში ის თუ ამოვარდა, ჩვენ დაგვარტყამს. არ ნიშნავს, რომ ეს რისკი 100%-ით რეალიზდება, მაგრამ ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ამის დაზღვევა იმით შეგვიძლია, რომ გვქონდეს რამდენიმე ალტერნატივა, ეს აუცილებლად არის შუა დერეფნის პროექტში ჩვენი წილი მონაწილეობა. ეს დერეფანი ახალი არაა, აქ არის ბევრი გარე და შიდა პრობლემა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან კარგი პრეცედენტი იყო 2016 წელს, როდესაც ჩინეთიდან ჩეხეთში რკინიგზით ჩავიდა 18 დღეში პროდუქტი, იმის შემდეგ თითქოს ეს არც მომხდარა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი აქცენტირებით წარმოსადგენი პოზიციაა მოლაპარაკებებში, როდესაც მივდივართ დასავლელ პარტნიორებთან სასაუბროდ. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ გვაქვს ორმაგი სავაჭრო შეთანხმებები, ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე და ევროკავშირთან. ამ ყველაფერს კარგად რომ ვიყენებდეთ, ჩვენი სავაჭრო ბალანსი მინიმუმ 10-15%-ით უკეთესი იქნებოდა, რაც შემდეგ რეალურ ეკონომიკურ ზრდაში ჩაიშლებოდა და ბევრად უფრო მომზადებული დავხვდებოდით", - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

შეგახსენებთ, 2024 წლის მაისში, ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) გამოვლინდა. მაშინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმი ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. პროექტის მიხედვით, კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.

ლევან დავითაშვილმა 24 თებვერვალს განაცხადა, რომ შეთანხმება 2025 წლის გაზაფხულზე, მაქსიმუმ ზაფხულის დაწყებამდე გაფორმდება.

bm.ge